თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ფინანსური დირექტორის ლევან მეტრეველის ვიზიტი საფრანგეთში

თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ფინანსური დირექტორის ლევან მეტრეველის ვიზიტი საფრანგეთში

თსსუ–ის პარტნიორის – მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის (UniMan)  დირექტორის სოფი სილვესტერის მიწვევით 7–11 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ფინანსური დირექტორი ლევან მეტრეველი საფრანგეთში ჩავიდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები გრენობლსა და პარიზში, სადაც განიხილეს ქართულ–ფრანგული სამაგისტრო პროგრამის „მეცნიერებათა მაგისტრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტში“ ფორმირების საბოლოო ასპექტები. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ დაგეგმილია ორი – ქართული და ფრანგული დიპლომის გაცემა. ქართული მხრიდან პროგრამა შექმნილია მედიცინის აკადემიური დოქტორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის (ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, აშშ) ლევან მეტრეველის მიერ.

     

ბატონმა ლევან მეტრეველმა სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი განიხილა UniMan–ის პროფესორებთან და ადმინისტრაციასთან. ფრანგული მხარის მოსაზრებები პროგრამის ავტორმა კრიტიკულად განიხილა. შეთანხმდნენ, რომ ფრანგული მხარე თავის მიერ განსახორციელებელ მოდულების სილაბუსებს წარმოადგენს აგვისტოს შუა რიცხვებში. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სამაგისტრო პროგრამა საბოლოო სახეს და 2014 წლის სექტემბერში აკრედიტაციის მისაღებად წარედგინება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

ვიზიტის ფარგლებში იმსჯელეს და განიხილეს თსსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ქართულ–ფრანგული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ქ. გრენობლში სტაჟირების საკითხი 2015 წლის თებერვალში.

ფრანგმა კოლეგებმა ქართველებს შესთავაზეს თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ქართულ–ფრანგული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების საფრანგეთში საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, რაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება 2014 წლის 22 სექტემბერს თსსუ–ში UniMan–ის დირექტორის – სოფი სილვესტერის ვიზიტის ფარგლებში.