კონფერენცია „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“ და   საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგიაში – „საქართველო–უკრაინა II“

კონფერენცია „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“ და საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგიაში – „საქართველო–უკრაინა II“

2014 წლის 9-10 ივლისს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის, პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტებმა და სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის – უნიდენტის ექიმებმა ჩაატარეს რიგით მე-5 ღონისძიება საქართველოს რეგიონების სტომატოლოგთა მხარდასაჭერად.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,  აჭარის რეგიონში,  ქალაქ ბათუმის ხელოვნების ცენტრში,  ჩატარდა საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ ტურნეთა ციკლის დამასრულებელი კონფერენცია „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“.   11, 12 და 13 ივლისს  ღონისძიებას შეუერთდა საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსი და ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა, შედეგად, ერთობლივად მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგიაში – „საქართველო–უკრაინა II“.

 

9 ივლისს კონფერენცია გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ ლექციით „კომპოზიციური საბჟენი მასალები, ადჰეზიის პრინციპები და მკურნალობის პროტოკოლი.“

პროფესორმა მანანა ივერიელმა წარმოადგინა პრეზენტაცია: „ტუჩის დაავადებები (ჰეილიტები) – მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“ , პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა – „ადგილობრივი ანესთეზიები ამბულატორიულ სტომატოლოგიაში: რისკები და წარმატებები“.

     

შედგა ორი დებიუტიც:  მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა დეა ვადაჭკორიამ წაიკითხა მოხსენება „მეტალოკერამიკული გვირგვინებიდან უმეტალოკერამიკულ კონსტრუქციებამდე“, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ნიჟარაძემ კი ისაუბრა ბავშვთა ასაკში კბილთა რესტავრირების თავისებურებებზე, სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებზე.

მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ლია სანოძემ წარმოადგინა უცვლელი სპონსორის – „GEA“-ს პროდუქციის პრეზენტაცია – „ლიპსის გამოყენება სტომატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ“.

   

10 ივლისს პრეზენტაციები წარმოადგინეს: პროფესორმა ნინო აბაშიძემ – „პაროდონტიტის აგრესიული ფორმები და მათი მკურნალობის თავისებურებები“, თამარ სხვიტარიძემ, რომელიც კომპანია დენტალმარკეტის წარმომადგენელია, – „ანატომიური სტრატიფიკაციის ტექნიკა და რესტავრაციული ოდონტოლოგიის ახალი ჰორიზონტები ლორენცო ვანინის მიხედვით“, აკადემიურმა დოქტორმა სტომატოლოგიაში – ხატია გოგიშვილმა – სპონსორის, ფარმაცევტული ფირმა „Alpen Pharma“-ს პროდუქცია  - „ტრახისანი.“.

   

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია  დამსწრე სტომატოლოგებსა და ბათუმის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს შორის.  პარალელურად, სტომატოლოგიის კლინიკა „DAVID DENT“–ში, სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის – უნიდენტის ექიმებმა მასტერ–კლასები და პაციენტთა კონსულტაციები ჩაატარეს.

     

11 ივლისიდან, საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსის ორგანიზებითა და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით, გაიხსნა II საერთაშორისო კონგრესი – „საქართველო–უკრაინა II“. კონგრესის საპატიო სტუმრები იყვნენ: ოლგა პონომარენკო, ანდრეი სალამახა და ოლეგ კულიგინი (უკრაინა). სპეციალური მოწვევით ჩამობრძანდა ფადი ხაეკი და ეჰაბ რაშიდი. სასიამოვნო სიახლე იყო პროფესორ ლარისა ლომიაშვილის ჩამობრძანება ქ. ომსკიდან.

     

ყოველი  მომხსენებლის პრეზენტაციას საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. კონგრესის ფარგლებში, პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა წაიკითხა ლექცია – „ზედა ყბის პირველი მოლარის ანატომო–მორფოლოგიური მახასიათებლები საქართველოს მოსახლეობაში“ (თანამომხსენებელი ეკატერინე ბეშკენაძე), პროფესორმა მანანა ივერიელმა – „ორგანიზმის ცალკეული ორგანოს და ორგანოთა სისტემის დაავადებათა გამოვლინება ენაზე“, ხოლო პროფესორმა ნინო აბაშიძემ – „მკურნალობის ახალი პარადიგმა პაროდონტოლოგიაში“.

განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა აუდიტორია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა მამალაძის ლექციას, რომელიც სრულიად განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენდა და ეხებოდა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარების გამოცდილებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში.  გამოცდის ჩატარების ამ სტილით განსაკუთრებით დაინტერესდა პროფესორი ლარისა ლომიაშვილი, რომელიც ომსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანია.

კონგრესის დასასრულს, ლარისა ლომიაშვილმა წაიკითხა ლექცია – „მოდულური ტექნოლოგიები რეკონსტრუქციულ სტომატოლოგიაში.“ აუდიტორია ინტერესით შეხვდა ამ პრეზენტაციას, რადგან უმრავლესობა გათვითცნობიერებული იყო კბილთა მოდელირების იმ ტექნიკაში, რომელიც პროფესორ ლომიაშვილის მიერ არის შემუშავებული.

დიდი ინტერესი და აჟიოტაჟიც კი მოჰყვა ლომიაშვილის მასტერ–კლასს, რომელიც ასისტენტ–პროფესორ სერგეი მიხაილოვსკისთან ერთად ჩაატარა.

     

წინასწარ მასტერ–კლასზე ჩაწერილი იყო 15 მსმენელი, თუმცა, ორგანიზატორებს მასტერ–კლასისთვის სამუშაო ადგილების მოწყობა და გადაკეთება 25 მსმენელისთვის მოუხდათ.

მასტერ–კლასზე პროფესორმა ლომიაშვილმა არა მხოლოდ კბილთა მოდელირების ვიდეო დემონსტრირება მოახდინა, არამედ მსმენელებს საშუალება მისცა, მოდელირების ტექნიკა აეთვისებინათ პლასტელინზე და სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის უნიდენტის თანამშრომლების მიერ წინასწარ მომზადებულ საექსპერიმენტო კბილებზე.

პროფესორ ლარისა ლომიაშვილს მასტერ–კლასის წარმატებით მიმდინარეობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები: ნათია ნიჟარაძე, თამარ ნაცვლიშვილი, თამთა ჯიქია, ქეთევან ბაჩიაშვილი და ეთერ ელაშვილი.

დასასრულს, ქალბატონმა ლარისამ სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარინა მამალაძეს საჩუქრად გადასცა თავისი სახელმძღვანელოს, „კბილთა მოდელირების მოდულური ტექნოლოგია“,  ინგლისურენოვანი ვარიანტის ეგზემპლარები და ახალი გამოცემის რუსული ვარიანტი.  დიდი სიკეთის გამომხატველი ჟესტი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის კბილთა მოდელირების სასწავლო სახელმძღვანელოს 50 ეგზემპლარის საჩუქრად გადმოცემის იდეა, რომლის განხორციელებაც ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაა დაგეგმილი.