ფორუმი ,,ექიმის და პაციენტის ურთიერთობა – უფლებები და მოვალეობები“

ფორუმი ,,ექიმის და პაციენტის ურთიერთობა – უფლებები და მოვალეობები“

2014 წლის 28-31 ივლისს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი   აზრის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა ფორუმი სახელწოდებით ,,ექიმის და პაციენტის ურთიერთობა – უფლებები და მოვალეობები“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი  გიორგი  აბესაძე, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები,  თბილისის სამედიცინო აკადემია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი“ და სხვადასხვა კლინიკის პრაქტიკოსი ექიმები.

როგორც „საზოგადოებრივი აზრის“  თავმჯდომარემ და თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მიხეილ დიაკონიძემ აღნიშნა, ფორუმის ორგანიზების აუცილებლობა ბოლო პერიოდში ექიმებზე გახშირებულმა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა განაპირობა, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც ექიმ-პაციენტის ურთიერთობაზე, ასევე საზოგადოების მხრიდან მედიცინის მუშაკების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

ფორუმზე განხილული იყო ექიმ-პაციენტის ურთიერთობის სამედიცინო, ეთიკური და სამართლებლივი საკითხები, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ექიმთა მიმართ განხორციელებული ადმინისტრაციული სანქციები.

პრობლემების  გამო, დადგა სამედიცინო ომბუდსმენის არსებობის საკითხი, რაც განიხილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ შექმნილ სამედიცინო ეთიკის კომისიის ფარგლებში, –  განაცხადა მიხეილ დიაკონიძემ.

საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების: გივი ჯავაშვილის, ირმა მანჯავიძისა და გურამ კიკნაძის წაკითხულმა მოხსენებებმა (,,პაციენტის უფლებების ეთიკური და სამართლებრივი საკითხები, საქართველოს კანონმდებლობაში“, „არასრულწლოვან პაციენტებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულაციები და რეალობა“ და ,,ექიმთა პროფესიული საქმიანობის წესები“).

დაისახა სამომავლო ღონისძიებები.