მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) 44-ე კონგრესი – “აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა” გაიხსნა

მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) 44-ე კონგრესი – “აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა” გაიხსნა

2014 წელს  11 სექტემბერს, გაიხსნა მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) 44-ე კონგრესი – “აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა”. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გარდა სომელიეების მსოფლიო კონგრესისა, რომელიმე დარგის მსოფლიო, უმთავრესი ფორუმი არასოდეს ჩატარებულა და ეს შემოთავაზება უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმე გახლავთ.

კონგრესზე ჩამოვიდა 300-ზე მეტი დელეგატი  მთელი მსოფლიოდან. 

მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) 44-ე კონგრესი გახსნა ISHM -ის ვიცე-პრეზიდენტმა, თსსუ–ის  პროფესორმა რამაზ შენგელიამ.  როგორც მან აღნიშნა, ეს დიდი მნიშვნელობის კონგრესია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოში – ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში ტარდება. „საქართველოში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ კი წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში“.

აუდიტორიას მიესალმა მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) პრეზიდენტი ჯორჯ ზანჩინი: „ჩემთვის დიდი პატივია მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM)  44–ე კონგრესის  გახსნა სწორედ აქ, უძველესი კულტურის ქვეყანაში, იქ სადაც ოდითგანვე კულტურათა გადაკვეთის ცენტრი იყო.  მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვეზიარო ლეგენდარულ ქართულ სტუმართმოყვარეობას, დიდი მადლობა ამისთის“ აღსანიშნავია, რომ მან აუდიტორიას ქართულადაც მიმართა, რამაც მასპინძელთა დიდი კეთილგანწყობა გამოიწვია.

მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) 44-ე კონგრესის – “აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა” გახსნა საზოგადოებას მიულოცეს: საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ,  საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა თეიმურაზ ნანეიშვილმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თსსუ–ის რექტორმა აღნიშნა, რომ ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სამედიცინო სიბრძნის პერსონიფიკაციად არის აღიარებული. მან ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლზე მედიცინის ისტორიის შესწავლასა და მისი განვითარების სფეროში. მადლობა მოახსენა ყველა სტუმარს კონგრესზე მობრძანებისთვის. 

მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) პრეზიდენტმა ჯორჯ ზანჩინმა სპეციალური დიპლომები გადასცა საქართველოს მეცნიერბისა და განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტსა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს და თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. სიმბოლური საჩუქარი გადასცა ISHM -ის ვიცე-პრეზიდენტს, თსსუ–ის  პროფესორ რამაზ შენგელიას.