დოქტორ ლანგის შეხვედრა თსსუ–ის რექტორთან

დოქტორ ლანგის შეხვედრა თსსუ–ის რექტორთან

2014 წლის 10 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიუნხენის ლუდვიგ–მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (გერმანია) პრივატ დოცენტი რაინჰოლდ ლანგი ეწვია.  გერმანელ სტუმარს ახლდა ცნობილი ქართველი ქირურგის, ნოდარ გრიგოლიას ვაჟი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამჟამად გერმანიაში მოღვაწე გიორგი გრიგოლია. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია.

საქმიანი საუბარი ეხებოდა სტუდენტთა გაცვლით პროგრამას, რაც ტრადიციულია თსსუ–სა და მიუნხენის ლუდვიგ–მაქსიმილიანის უნივერსიტეტისთვის და  ერთობლივ სადოქტორო სამუშაოებს, რაც ახალი ეტაპია ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობაში.

შეხვედრის დასასრულს, დოქტორმა გიორგი გრიგოლიამ მამის, აწ გარდაცვლილი ქირურგიის მე–2 დეპარტამენტის ურგენტული ქირურგიის მიმართულების პროფესორის ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნა მიულოცა თსსუ–ის წარმატებულ სტუდენტს ლია ჟორჟიკაშვილს და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.