„თეთრი ხალათების ცერემონიალი“ „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ პირველკურსელთათვის

„თეთრი ხალათების ცერემონიალი“ „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ პირველკურსელთათვის

წელს, უკვე მეორედ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების ცერემონიალით“ შეეგებნენ  „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ პირველკურსელებს.

„დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამა“,  რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი  პროექტის საფუძველზე, წელს მეორედ იღებს სტუდენტებს, თუმცა უკვე სარგებლობს საკმაო ავტორიტეტით.   ეს განპირობებულია მაღალი დონის ინგლისურენოვანი სწავლებითა და პროგრამის სტრუქტურით, რომელიც გაუადვილებს სტუდენტებს, სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licensing Examination – USMLE ) ორივე საფეხური. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება „დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი“.

მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაზე სწავლა დაიწყო 36–მა სტუდენტმა. მათთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში  ჩატარდა საზეიმო  „თეთრი ხალათების ცერემონიალი“.  

„თეთრი ხალათების ცერემონიალი“ გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმრებს, რომლებიც უნივერსიტეტისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მობრძანდნენ: ამერიკის შეერთებული  შტატების სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში, ბატონ რიჩარდ ნორლანდს, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო  სკოლის პროფესორს, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს, პროფესორ კენეტ ვოლკერს,  ემორის უნივერსიტეტის დეკანის მოადგილეს სამედიცინო განათლების დარგში, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს და ჰემატოლოგიის და სამედიცინო ონკოლოგიის ასოცირებულ პროფესორს მერი ჯო ლეკოვიჩს.

ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა ისაუბრა „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ მნიშვნეობასა და სამომავლო პერსპექტივაზე, მიმართა სტუდენტებს, რომლებიც სულ მალე, მას მერე, რაც დიპლომირებული მედიკოსები გახდებიან, სერიოზულად განსაზღვრავენ მედიცინის  განვითარების დონეს.

სტუდენტებს მიესალმნენ: პროფესორები კენეტ ვოლკერი, გორდონ ჩერჩვორდი, მერი ჯო ლეკოვიჩი... საზეიმო განწყობილებით სავსე სიტყვებში აშკარად იგძნობოდა ის ძალიან დიდი მოტივაცია და სერიოზული სამომავლო პერსპექტივის გააზრება, რისი უზრუნველყოფაც „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკულ პროგრამას“ შეუძლია. ეს განაცხადი იქნება არა მარტო სამედიცინო სფეროსთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.

პირველკურსელებს სამედიცინო უნივერსიტეტის ემბლემიანი თეთრი ხალათები ჩააცვეს ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ჰემატოლოგიის და სამედიცინო ონკოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა, თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა თსსუ–ის ვიცე–რექტორმა რიმა ბერიაშვილმა. მან კიდევ ერთხელ განმარტა რა დიდი შრომა დგას „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ შექმნის უკან და რა მნიშვნელოვანია ამ პროგრამის არსებობა ჩვენთვის.

საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით თოფურია, სხვა პროფესორ–მასწავლებლები. ახლადჩარიცხულ ახალგაზრდებს და ამაგდარ პროფესურას  სიტყვით მიმართეს „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ მეორე კურსის სტუდენტებმა: ნოდარ მაისურაძემ და სოფო გიგოლაშვილმა.

დასასრულს „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს საპატიო სტუმრებთან და თსსუ–ის პროფესორებთან. იმედი გამოთქვეს, რომ თეთრი ხალათები, რომელიც დღეს პირველად ჩაიცვეს, მომავალში მათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოდ იქცევა.