პროფესორმა ფრენსის ლუისმა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეორე ლექცია წაიკითხა

პროფესორმა ფრენსის ლუისმა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეორე ლექცია წაიკითხა

2014 წლის  17 სექტემბერს მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის  პროფესორმა, დოქტორმა ფრენსის ლუისმა თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე: პიეზოსისტემის გამოყენება პირის ღრუს თერაპიაში. სტუდენტებმა მოისმინეს მდიდარი გამოცდილების მქონე ფრანგი პროფესორის დეტალური ანალიზი პირის ღრუს ექსტრაქციების, იმპლანტირების, მცირე  ზომის პირის ღრუს ოპერაციების შესახებ, მიიღეს რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცნენ  მაშინ, როდესაც ყბა–სახის მიდამოს ძვლოვან სტრუქტურასთან გვაქვს საქმე. აუდიტორია დიდი ინტერესით უსმენდა პროფესორ ფრენსის ლუისს, შეკითხვებს აძლევდა მას.

როგორც ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ აღნიშნა, პროფესორ ფრენსის ლუისის ლექცია უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობდა და სიახლეებიც არაერთი იყო „მან გვაჩვენა აპარატი, რომელიც ატრავმული მანიპულირების საშუალებას იძლევა. ეს აპარატი სრულიად ახალია ჩვენთვის, თუმცა პროფესორმა ახსენა ფირმა სატელიკი რომლის ჰიგიენური – კბილის ნადებების და ქვების მოშორების საშუალება დანერგილია ჩვენთან, სამომავლოდ აუცილებლად გვექნება მისი აპარატი ქირურგიული ბოლოებითაც.. ასეთი ლექციები იმიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ ინფორმაცია სიახლეებზე და დავნერგოთ ისინი“.

ლექციის მეორე ნახევარი კლინიკური შემთხვევების განხილვას დაეთმო, რომელიც პროფესორ ფრენსის ლუისს უხვად აქვს პრაქტიკაში ნანახი.  მან კიდევ ერთხელ ხატოვნად განუცხადა აუდიტორიას: „კბილთა ექსტრაქციის დროს „კუნთების თამაში“ და ძალის დემონსტრირება არ არის საჭირო“.  რაც უფრო მინიმალურად ინვაზიური იქნება პროცედურები, ეფექტური იქნება პლასტიკა, მარტივად წავა შეხორცების პროცესი და გვექნება სასურველი კლინიკური შედეგი.

თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა ლექციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მზად არის ყველა პირობა შექმნას სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის მაღალი დონის განათლების მისაცემად. უცხოელ პროფესორთა ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული სტუდენტის მაღალი კატეგორიის პროფესიონალად ჩამოყალიბებას ემსახურება.