კენეს ოლივოლას და ბევინ კლოეპერის ვიზიტი თსსუ–ის რექტორთან

კენეს ოლივოლას და ბევინ კლოეპერის ვიზიტი თსსუ–ის რექტორთან

2014 წლის 17 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ სტუმრები ბოსტონიდან:  JSI–ის ( „ჯონ სნოუ ინკორპორეიშენ“) დირექტორი კენეს ოლივოლა, პროექტის კოორდინატორი ბევინ კლოეპერი. მათ ახლდა დიპლომამდელი  განათლების ტექნიკური ექსპერტი ნინო ლომია.   სტუმრებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე. სტუმრებმა ისაუბრეს თსსუ–ში მიმდინარე პროცესებზე და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ბატონმა კენეს ოლივოლამ მაღალი შეფასება მისცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და იმ შედეგებს, რომელიც თვალსაჩინოს ხდის სწავლისა და სწავლების დონის მკვეთრ ზრდას.

 

JSI –მ 2009 წლიდან დაიწყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით სამედიცინო მომსახურებაში რეფორმირებაზე ზრუნვა.  მათი მიზანი იყო მეან–გინეკოლოგთა გადამზადება, თუმცა  დიდი სირთულე გახლდათ მოქმედი ექიმების მენტალობის შეცვლა. სწორედ ამიტომ, რესურსი ჩადეს სტუდენტთა აღზრდაში. დაიდო ხელშეკრულება  თსსუ–სა და JSI–ს შორის. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა "შენარჩუნების" ფარგლებში მოხდა კურიკულუმის ცვლილება სტანდარტების მიხედვით, სწავლებისა და სწავლის, შეფასების მეთოდების შესწავლა. როგორც პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა, ამ პროცესში ჩართული იყვნენ: მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტი, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.აკადემიური პერსონალისთვის ლექციების წასაკითხად  მოწვეულები იყვნენ მსოფლიო დონის ექსპერტები. დაინერგა ოსკის გამოცდა.

სტუმრებმა აღნიშნეს თსსუ–ის წინსვლა და მადლობა გადაუხადეს რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მხარდაჭერისა და რეფორმის პროცესში ყველა პირობის შექმნისთვის. დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი, გაესაუბრნენ სტუდენტებს და დიდი კმაყოფილებით აღნიშნეს უნივერსიტეტის სერიოზული მიღწევები.