21 წელი აფხაზეთის დაცემიდან

21 წელი აფხაზეთის დაცემიდან

წელს 27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს – გიორგი მიროტაძეს, ილია მელაძეს, ვასილ კილაძეს და ნიკოლოზ ღიბრაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან, ამ ამბავთან დაკავშირებული ტკივილი დღესაც სულისშემძვრელია. არა მარტო ომში დაღუპულთა მშობლები და ოჯახის წევრები განიცდიან ძველებური სიმძაფრით საქართველოსთვის ამ მართლაც და მოუშუშებლად სისხლმდინარე ჭრილობის არსებობას, არამედ ნებისმიერი მოქალაქეც, მითუმეტეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები...

უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მომავალი ექიმები იზრდებიან ყალიბდება თითოეული სტუდენტის მორალური მზადყოფნა, იდგეს თავისი ერის გვერდით და ყველაზე მძიმე პირობებშიც კი, ომში, ცეცხლის ხაზზე, არასდროს მიატოვოს მოყვასი დახმარების გარეშე. ბუნებრივია, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის წიაღში იზრდებოდნენ სტუდენტები, რომლებიც ნამდვილი ექიმები გახდებოდნენ და თავის ვალს შეასრულებდნენ სამშობლოს წინაშე სნეულთა და დაჭრილთა მკურნალობით, გადარჩენით... მაგრამ მათ სტუდენტობაშივე მოუხდათ სამშობლოს დაცვა და სახელოვნად დაეცნენ მიწაზე, რომლის ქართულობას თავად აფხაზები არასოდეს აყენებდნენ ეჭვქვეშ. აფხაზეთის ომში დაცემულ სტუდენტთა უკვდავსაყოფად თსსუ–ის ეზოში მემორიალია აღმართული.

თსსუ–ში 27 სექტემბრის აღსანიშნავად შეკრებილმა საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. აფხაზეთის ომში დაღუპულ სტუდენტთა  სულების  მოსახსენებლად პარაკლისი გადაიხადეს.

შეკრებილებს მიმართა თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ:  აფხაზეთის ომმა წარმოაჩინა ის მთავარი ღირებულება, რომელიც ადამიანს გააჩნია –  პატრიოტიზმი, ეს გრძნობა პირველივე დღიდან ამოძრავებდა ჩვენს გმირებს. სამწუხაროდ სხვისი ორგანიზებული ომი  ძმათა შორის ომად იქცა, რომელიც მაშინ სწორად ვერ შეფასდა, გადაფასების  პროცესი ახლაც მიმდინარეობს..

      .

როგორც პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება ამ ტრაგიკული ომის გახსენებისთვის, სულ მალე შედგება ზურაბ ლეშკაშელის წიგნის „აფხაზეთი – გმირები დაკარგული თაობიდან“ პრეზენტაცია.

თსსუ–ის პროფესორმა რამაზ შენგელიამ მსმენელებს მიმართა: ,,აფხაზეთი ყველა ქართველისთვის უწმინდესი და საკრალური  ილორის, ბიჭვინთის ქვეყანაა. დღეს ამ ტაძრებში ფრესკები გადაღებილია, ისტორია – წაშლილი... სწორედ ისტორიის გაყალბებას აღუდგნენ წინ  ჩვენი ახალგაზრდები და ამ ბრძოლაში დაეცნენ, ჩვენ მათი ხსოვნა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ქედი მოვიხაროთ, დავნებდეთ და არ აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ეს ხანგრძლივი პროცესია, ამ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“.

საზოგადოებას მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა გიორგი გაგუამ, რომელმაც აფხაზეთის ომისადმი მიძღვნილი  ლექსები  წაიკითხა.

სიტყვით გამოვიდა თსსუ–ის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ ლეშკაშელი, რომელმაც ისაუბრა საკუთარ წიგნზე და აღნიშნა, რომ ამ წიგნის გამოცემას საფუძვლად დაედო  სურვილი, რომ  ახალმა თაობამ იცოდეს საკუთარი გმირების სახელები და გვარები, მათი ისტორიები...

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებმა  სტუდენტებს კიდევ ერთხელ გაუმეორეს: "აფხაზები ჩვენი მტრები არ არიან,  გთხოვთ, ახალმა თაობამ, მიუხედავად ყველაფრისა, ხელი გაუწოდეთ აფხაზებს, ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ“...