ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ( EPNS) საერთაშორისო სასწავლო კურსი

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ( EPNS) საერთაშორისო სასწავლო კურსი

 

2014 წლის 9–10 ოქტომბერს თბილისში, თსსუ–ის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა ნევროლოგიური მიმართულების ბაზაზე ჩატარდა ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ( EPNS) საერთაშორისო სასწავლო კურსი.  ლექციები წაიკითხეს ცნობილმა პროფესორებმა ინგლისიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან, საქართველოდან: რიჩარდ ნიუტონმა, ლიევენ ლეგემ, კოლინ კენედიმ, ენდრიუ ლუქსმა, ბრიგიდ ვოლმერმა, ლუის ჰარატლიმ, კორენ კაცმან–ბერევოციმ, ბიანა სუხუჯიანმა, სოფიო ბახტაძემ, ნანა გელაძემ, ნანა ხაჭაპურიძემ, ნანა კაპანაძემ, ნანა ტატიშვილმა და სოფიო კასრაძემ.  სასწავლო კურსს ესწრებოდა 60–მდე მონაწილე ნორვეგიიდან, ბელორუსიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

მოწვეული პროფესორები 8 ოქტომბერს, შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და ვიცე– რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს. მათ აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის გამო. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და კავშირებმა დედამიწა ისე „დააპატარავა“, რომ მსოფლიოს მეცნიერთა მჭიდრო ურთიერთობების გარეშე სერიოზული წინსვლა წარმოუდგენელია.

ამავე დღეს ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) საერთაშორისო სასწავლო კურსის ლექტორები ეწვივნენ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას, დაათვალიერეს ის და უფასო კონსულტაციები გაუწიეს წინასწარ შერჩეულ, რთული დიაგნოზის პაციენტებს.

ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) საერთაშორისო სასწავლო კურსი, რომლის აკადემიური ნაწილი გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროფესორმა ნანა გელაძემ. ლექციებზე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვთა ეპილექტოლოგიას და სხვა განსაკუთრებით რეზონანსულ და მნიშვნელოვან თემებს მედიცინაში.

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ( EPNS) საერთაშორისო სასწავლო კურსი ტარდება თსსუ–ის პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების  და „ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი რეგულაციების ასოციაციის“ მოწვევით.

როგორც შესვენებისას მსმენელები აღნიშნავდნენ, ეს არის  სასწავლო კურსი, რომელიც უალტერნატივოა თავისი მნიშვნელობით და ძალიან ბევრ სასიკეთო წამოწყებასა და მიგნებას ჩაუყრის საფუძველს.