ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

2014 წლის  8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი სეირან კოჩარიანი, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სიმბატ აზნაურიანი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მელიქ სოგომონიანი და ადმინისტრაციის უფროსი გრაგიკ მირიგანიანი ეწვივნენ. მათ აინტერესებდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობა მასთან.

სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის ვიცე რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე,  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, პროფესორი ირინე ზარნაძე და პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე.

სტუმრები გაეცვნენ თსსუ–ის დღევანდელ სტრატეგიას აკადემიური თვალსაზრისით. ხანგრძლივად ისაუბრეს დიპლომისშემდგომ განათლებაზე პროფესორ ზაზა ბოხუასთან. განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ ვიცე–რექტორს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, რომელმაც თსსუ–ში სასწავლო და ადმინისტრაციული მართვის სისტემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც აღმოჩნდა, თსსუ სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან შედარებით თვალშისაცემად წინ არის წასული სასწავლო სისტემის დახვეწის თვალსაზრისით.  ეს სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თავადვე აღიარეს.

როგორც თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ აღნიშნა, „როცა საუბარი გვქონდა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (ოსკის) სისტემაზე, ან შეფასების ისეთ უზუსტეს თანამედროვე სისტემაზე, როგორიც არის პორტფოლიო, ისინი აშკარად გაოცებულები დარჩნენ.  ვისაუბრეთ ძალიან ბევრ სხვა საკითხზეც, რომელიც აკადემიური პროცესის წარმართვას და მის შეფასებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრ სხვა ქვეყანასთან აქვთ საქმიანი ურთიერთობა, თსსუ–ში მიდინარე პროცესებიდან ბევრი რამ  უცხო იყო მათთვის. გვთხოვეს კიდეც ამ ყველაფრის მოკლე აღწერილობა მიგვეცა მათთვის, რაც, ცხადია, შევუსრულეთ“. 

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით ბევრი კითხვა დასვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის, მისი მოდიფიკაციის და ელექტრონულ პლატფორმაზე გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, როგორც თავად აღნიშნეს, განცვიფრდნენ დეტალების სწორი გათვალითა და ევროპული სტანდარტების ასეთი წარმატებული დანერგვით.

მათი სიტყვით, ის რაც ჩვენთვის ყოველდღიურია, მათვთვის სამომავლო გეგმად იქცა.