„ევროპის ონკოლოგთა სკოლა“ (ESO) ატარებს საერთაშორისო სასწავლო კურსს საქართველოში

„ევროპის ონკოლოგთა სკოლა“ (ESO) ატარებს საერთაშორისო სასწავლო კურსს საქართველოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით,  საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების მოწვევით, „ევროპის ონკოლოგთა სკოლა“ (ESO) ატარებს საერთაშორისო სასწავლო კურსს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეთა მკურნალობაში.  ლექციებს წაიკითხავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 12 ექსპერტი. სასწავლო კურსის მუშაობაში  ქართველ ონკოლოგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი კოლეგები (სულ 72 ონკოლოგი 14 ქვეყნიდან).

ქართული მხარის ძალისხმევით, ევროპის ონკოლოგთა სკოლამ  ონკოლოგიის სფეროში საერთაშორისო სასწავლო კურსების  და მასტერკლასების ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თბილისი აირჩია. როგორც თსსუ–ის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულების პროფესორმა რემა ღვამიჩავამ აღნიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს სამედიცინო სფეროში: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით  საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებამ  მიაღწია იმას, რომ ევროპის ონკოლოგთა სკოლამ, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეარჩია საერთაშორისო სასწავლო კურსის ლოკაციად.  დღევანდელ კურსს დაესწრება 72 მსმენელი მათ შორის 25 საქართველოდან. ლექციების წასაკითხად ჩამოვიდა 11 საერთაშორისო ექსპერტი ევროპის  9 ქვეყნიდან.

ESO, რომელიც ატარებს ყოველწლიურად დაახლოებით  50 ტრენინგს ევროპის ქვეყნებში, ამიერიდან თბილისშიც ჩაატარებს სწავლების კურსებს. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს პროფესიონალებს როგორც პროფესიონალიზმის ამაღლებაში, ისე სამომავლო საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებაში“.

„ევროპის ონკოლოგთა სკოლის“ (ESO) საქართველოში ჩამოსვლა და თსსუ–ის მხარდაჭერით სასწავლო კურსის გამართვა შეაფასა როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. მან აღნიშნა რომ თერთმეტი მოწვეული ექსპერტის გვერდით ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო კურსის წარმართვაში.

„ევროპის ონკოლოგთა სკოლის“ (ESO) სასწავლო კურსის გახსნას მიესალმა იტალიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი.

სტუმრებს მიმართა  ბლოხინის სახელობის კიბოს სამეცნიერო კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა დავით ზარიძემ: ESO –ს ორიოდე წლის წინ 30 წელი შეუსრულდა. ეს ევროპული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ევროპელი ექიმების განათლების დონის ამაღლება.  ESO–ს შექმნის ინიციატივა იმ სნეულის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც ექიმებმა ვერ გადაარჩინეს, ნათესავები თვლიდნენ, რომ მას არ აღმოუჩინეს საკმარისი დახმარება, კვალიფიციურად  ვერ მკურნალობდნენ და ა.შ. ამიტომაც შეძლებულმა ოჯახმა იტალიელ ონკოლოგს, ქირურგს, პროფესორ ვერონეზეს სთხოვა, გამოესწორებინა სიტუაცია, აემაღლებინა ექიმთა განათლების დონე.  ასე ჩამოყალიბდა ESO.

ამ 30 წლის მანძილზე სკოლამ გაიარა გრძელი და მნიშვნელოვანი გზა. მაღალ დონეზე ჩაატარა დიდი რაოდენობით კურსები, მასტერ–კლასები, კონფერენციები. ევროპის ყველა ონკოლოგი ამ კურსებისა და მასტერ–კლასების ბაზაზე სრულყოფდა საკუთარ განათლებას.

სკოლა გასცდა დასავლეთ ევროპის საზღვრებს. მთხოვეს, ვყოფილიყავი მათი სამეცნიერო კოორდინატორი ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიის ქვეყნებთან. ამ მისიის ფარგლებში შეირჩა საქართველო.

ESO პირველად ატარებს თბილისში სწავლების კურსს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. გვინდა დავეხმაროთ ქართველ ექიმებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის   სკრინინგ გამოკვლევებშიც. ამიერიდან სისტემატურად,  წელიწადში ერთხელ შევხვდებით საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  და ჩავატარებთ კონფერენციებს სხვადასხვა თემებზე.