თსსუ–ის სტუდენტებმა პრაქტიკა ქალაქ იენაში გაიარეს

თსსუ–ის სტუდენტებმა პრაქტიკა ქალაქ იენაში გაიარეს

2014 წლის ზაფხულში, 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: თინათინ ბოჭორიშვილი, გიორგი ლამაზოშვილი,  თამარ მეტრეველი  და  დავით ხიჯაკაძე ქალაქ იენაში, გერმანიის ერთ–ერთ საუკეთესო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდნენ პრაქტიკას. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ეს იყო უამრავი სიახლის და სასარგებლო გამოცდილების მიღების პერიოდი. მათ საშუალება ჰქონდათ, მომავალი პროფესიული გეგმებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად აერჩიათ განყოფილება, სადაც გაივილიდნენ ფამულატურას (საექთნო პრაქტიკას). შესაბამისად, გადანაწილდნენ შემდეგ მიმართულებებში:  თინათინ ბოჭორიშვილი – ჰემატოლოგიის, ონკოლოგიისა და პალიატიური თერაპიის განყოფილებაში, გიორგი ლამაზოშვილი  – ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში, თამარ მეტრეველი  და  დავით ხიჯაკაძე  კი – კარდიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში.

ისინი, ორი თვის მანძილზე, ყოველდღიურად გერმანელ ექიმებთან ერთად ესწრებოდნენ დილის კონფერენციებს, მათი მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალურად იღებდნენ ახალ პაციენტებს, კრებდნენ ანამნეზს, აკეთებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, მონაწილეობდნენ დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის სქემის შერჩევაში. საშუალება ჰქონდათ,  ენახათ ბევრი ისეთი ოპერაცია, სამედიცინო კვლევა, აგრეთვე თერაპიის თანამედროვე მეთოდი, რომელიც საქართველოში ჯერ ფართოდ არ არის დანერგილი.

ფამულატურის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცათ  საერთაშორისო სერტიფიკატები და საჩუქრები განყოფილებების ექიმებისაგან.

სამშობლოში დაბრუნებული სტუდენტები მადლობას უხდიან პროფესორ მანანა ქუთელიას და იენის საუნივერსიტეტო კლინიკას გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობისათვის და პროფესიულ სრულყოფაში გაწეული დახმარებისათვის.