პროფესორ ვაილერტის ლექცია თსსუ–ში

პროფესორ ვაილერტის ლექცია თსსუ–ში

2014 წლის 27  ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის ქირურგი, პროფესორი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი ვიქტორ ვაილერტი, რომელმაც ჩაატარა ლექცია  თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. კბილთა იმპლანტოლოგია ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური და საინტერესო თემაა დღევანდელ სტომატოლოგიაში. პროფესორი ვაილერტი ლექციას წაიკითხავს 30 ოქტომბერს თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში, 31 ოქტომბერს კი იქვე ჩაატარებს მასტერ–კლასს.

ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგიის პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მარინა მამალაძე. მან აუდიტორიას შეახსენა პროფესორ ვიქტორ ვაილერტის ღვაწლისა და იმ სალექციო თემატიკის შესახებ, რომელსაც სტუმარი ქართველ მსმენელებთან წარადგენდა.

მისი სალექციო თემატიკა ეხებოდა იმპლანტოლოგიის თანამედროვე კონცეფციებს და შესაძლებლობებს: „პანორამული რენტგენის და კომპიუტერული რენტგენოდიაგნოსტიკის აქტუალობა კბილთა იმპლანტაციის დაგეგმვაში – ოპერაციის პროტოკოლი“; „მკურნალობის ქირურგიული ეტაპების ჩატარების თანმიმდევრობა, კბილთა იმპლანტების თანამედროვე სახეები და სისტემები“ და „იმპლანტაციის ჩატარების თავისებურება ძვლოვანი სტრუქტურის დეფიციტის დროს: ალვეოლური მორჩის აუგმენტაცია და სინუსლიფტი“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილია მასტერ–კლასი, სადაც თსსუ–ის სტუდენტები, რეზიდენტები და აკადემიური პერსონალი თავად გახდება მოწმე, როგორ ხორციელდება პრაქტიკაში თეორიულად წარმოდგენილი კონცეფციები.

ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ეს კურსი მათთვის მართლაც შეუცვლელი ინფორმაციის  წყაროდ იქცა: „პროფესორ ვაილერტს პირველად ვუსმინე, თუმცა ვიცი რომ ადრეც იყო მოწვეული ჩვენს უნივერსიტეტში და სტუდენტები ყვებოდნენ, რა საინტერესო და საჭირო ლექცია ჰქონდათ მოსმენილი მისგან... რაც ვნახე და მოვისმინე, მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ლექციები დაგვეხმარება გავხდეთ პროფესიონალები, რომლებიც ტოლს არ დაუდებენ ევროპელ კოლეგებს. დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო შეხვედრას პროფესორ ვაილერტთან“.