თსსუ–მ  განაყოფიერების ცენტრ „ინ ვიტროსთან“   მემორანდუმი გააფორმა

თსსუ–მ განაყოფიერების ცენტრ „ინ ვიტროსთან“ მემორანდუმი გააფორმა

2014 წლის 3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი თსსუ–სა და შპს განაყოფიერების ცენტრ „ინ ვიტროს“ შორის.

მემორანდუმზე ხელი მოაწერეს თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და „ინ ვიტროს“ დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გია ცაგარეიშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ შეხვედრას ესწრებოდნენ:  ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, განაყოფიერების ცენტრ „ინ ვიტროს“  დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნატო ხონელიძე.

 როგორც თსსუ–ის რექტორმა აღნიშნა, ეს ურთიერთთანამშრომლობა  საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარისთვის. მან დიდი მადლობა გადაუხადა „ინ ვიტროს“ თანამშრომლობისთვის. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ მედიცინის დარგი, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ქვეყნის სამსახურში დგას და უშვილო ოჯახებს ბავშვის გაჩენის საშუალებას აძლევს.

„ინ ვიტროს“  განაყოფიერების ცენტრის დირექტორმა გია ცაგარეიშვილმა მაღალი შეფასება მისცა წამოწყებულ თანამშრომლობას და მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ.

მემორანდუმის საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა საფეხურს და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს საშუალება მიეცემათ სხვადასხვა პროგრამების და სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ერთობლივი განხორციელებისა, რაც მომავალი  წარმატების საფუძვლად იქცევა.