სტაჟირება ოლდენბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

სტაჟირება ოლდენბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

2014 წლის 15 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე, საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ექვსმა სტუდენტმა და რეზიდენტმა, გერმანული მხარის დაფინანსებით, სტაჟირება გაიარა ოლდენბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში. მათ საშუალება მიეცათ დაინტერესების შესაბამისად, გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა მიმართულებით: ონისე ჩადუნელი (რეზიდენტი) და გიორგი ჟორჟოლიანი ( რეზიდენტი)  – ინტეგრირებულ გულის ცენტრში (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია); თინათინ რურუა (VI კურსი) – ინტეგრირებულ გულის ცენტრსა (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია) და შინაგან სნეულებათა ცენტრში (გასტრო–ენტეროლოგია, რადიოლოგია); ცოტნე ხუბუა  (IV კურსი)  – ინტეგრირებულ გულის ცენტრში (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია) და ნევროლოგიის ინტეგრირებულ ცენტრში, ეკატერინე კობიძე (IV კურსი)  – ინტეგრირებულ გულის ცენტრში (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია, უროლოგია), მარიკა ჯუღელი, (III კურსი) – ინტეგრირებულ გულის ცენტრში (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია) და  შინაგან სნეულებათა ცენტრში (გასტრო–ენტეროლოგია, რადიოლოგია)...

სტაჟირების პერიოდში სტუდენტები   ყოველდღიურად მონაწილეობდნენ კონფერენციებსა და სტაციონარულ ვიზიტებში; ეცნობოდნენ სხვადასხვა ქირურგიულ და თერაპიულ დაავადებებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სასწრაფო  სამედიცინო დახმარების მორიგეობებში.

სტუდენტები ესწრებოდნენ და ასისტენტობას უწევდნენ ქირურგებს ისეთ ოპერაციებზე, როგორიცაა: აორტო-კორონარული შუნტირება, აორტისა და მიტრალური სარქველის ჩანაცვლება და მისი რეკონსტრუქცია, აღმავალი აორტის, აორტის რკალის, დაღმავალი აორტის, თორაკო-აბდომინალური აორტის ჩანაცვლება, მარცხენა პარკუჭის დამხმარე სისტემების იმპლანტაცია (ხელოვნური გული-HeartMate II) და სხვ.

საოპერაციო ბლოკში ყოფნისას სტუდენტებმა გამოიმუშავეს ქირურგიული უნარ–ჩვევები: დაეუფლნენ კანის, კანქვეშა ქსოვილის კერვის და სხვა სახის ტექნიკას. ქართველი სტუდენტები, სარგებლობდნენ რა მომსახურე პერსონალის დიდი ნდობით, ხშირად პირველი ასისტენტის მოვალეობასაც ასრულებდნენ.

 

ესწრებოდნენ სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და ლექცია–სემინარებს.

კლინიკის პერსონალმა  დადებითად შეაფასა ქართველების საქმიანობა გერმანიის კლინიკებში, რაც აისახა კიდეც დახასიათებაში, რომელიც თითოეულ სტაჟიორს გადაეცა.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დიდი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ეს პრგრამა წარმატებულია და განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის ოლდენბურგის კლინიკის ინტეგრირებული  გულის  ცენტრის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ბატონ მიხაილ ჰორსტს, ოლდენბურგში მოღვაწე ქართველ კარდიოქირურგს, ბატონ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.