თსსუ–ის წარმომადგენლების ვიზიტი ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის წარმომადგენლების ვიზიტი ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2014 წლის 2–7 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით თოფურია და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ–პროფესორი  ომარ სამუშია მივლინებით იმყოფებოდნენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (სომხეთი).

სომეხი კოლეგები დაინტერესებულები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პროფესორთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლის პროგრამაში ჩართვით. ცხადია, ეს წინადადება ქართული მხარისთვისაც მისაღები და საინტერესოა.

ერევანში თსსუ–ის წარმომადგენლებს შეხვდნენ: რექტორი მიხეილ ნარიმანიანი, პრორექტორი უცხოეთთან ურთიერთობის დარგში, პროფესორი ერვანდ სააკიანი,  სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ტერმარკოსიანი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნუნე შახვერდიანი, კლინიკიების ხელმძღვანელები. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს დეტალურად გააცნეს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუშაობის სტილი და გეგმები, დაათვალიერებინეს ინფრასტრუქტურა, თეორიული და კლინიკური დეპარტამენტები.  შეთანხმდნენ რომ თსსუ–ის სტუდენტებს მიიღებენ გინეკოლოგიის, ნეიროქირურგიის, ოფთალმოლოგიის და კარდიოლოგიის დეპარტამენტები, სადაც ინფრასტრუქტურა  მაღალ დონეზეა მოწყობილი.

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესვეურებმა დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატეს, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გარდა, ამოქმედდეს პოსტდიპლომური განათლების მსმენელთა და პროფესორების გაცვლითი პროგრამაც. მათი წინადადებით, ყველა საჭირო პირობას შეუქმნიან ჩასულებს სწავლისა და მუშაობისთვის.

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა თსსუ–ის წარმომადგენლებს შესთავაზა, გაცვლითი პროგრამები  2015 წლის მარტიდან ამოქმედდება, მანამ კი გადასცა 15 პროფესორის სია, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ინგლისურ და რუსულ ენებზე წაუკითხონ ლექციები სტუდენტებს.  ანალოგიურ შეთავაზებას ელოდებიან ქართული მხარისგანაც.

დასასრულ,   მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ დეტალების დასაზუსტებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სიამოვნებით ჩამოვლენ საქართველოში.