სამედიცინო უნივერსიტეტისა და მედიაპალიტრის დიდი პროექტი იწყება!

სამედიცინო უნივერსიტეტისა და მედიაპალიტრის დიდი პროექტი იწყება!

კაფეში „რეას ციყვები“  განსაკუთრებულად ფუსფუსებენ ნინო, ხათუნა და ირმა. მწვანე წინსაფრებს ისწორებენ და სტუმრებს თვალებში უყურებენ. დღეს განსაკუთრებული დღეა – 3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე.

ნინომ, ხათუნამ და ირმამ კარგად იციან რომ ამ დღეს გამორჩეულად ზეიმობენ ხოლმე მეორე ოჯახად ქცეულ ცენტრ „რეაში“. მეგობრებთან ერთად დიდხანს ამზადებდნენ თექის ნაძვის ხეებს, საახალწლო მოსართავებს, ფარდაგებს, თიხის სათამაშოებს. პარალელურად კაფეშიც მუშაობდნენ. კაფე მათთვის პირველი სამუშაო ადგილია, სადაც ხელფასს იღებენ. მაგიდებს ემსახურებიან, მერე კი ბართან ახლოს ჩამოსხდებიან და მხიარულად კისკისებენ. ამბობენ, ეს კაფე  კიდევ კარგი რომ არსებობსო. აქ აღებულ ხელფასს აგროვებენ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანისთვის, იქნებ საჩუქრების საყიდლადაც. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, მაგრამ მათაც შეუძლიათ განსაკუთრებულად იზრუნონ სხვებზე და უფრო მეტი სიყვარულითაც...

3 დეკემბერს მათი გულღია მიწვევა: მობრძანდითო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, მედიაპალიტრის კრეატიული დირექტორის მარიკა დარჩიას და კიდევ სხვა საპატიო სტუმრებისკენ იყო მიმართული. სტუმრები ხალისით ეწვივნენ „რეას ციყვებს“.  

კაფის წინ „რეას“ ბენეფიციარებმა და ეთნომუსიკის თეატრ „მთიებთან“ არსებული ბავშვთა სტუდია „ამერ–იმერის“ წევრებმა ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს. იმ მთავარ ქართულ საქმეში, ქართულ ფესვებთან სიახლოვე და  ქართული ხალხური შემოქმედების სისხლხორცეული აღქმა რომ ჰქვია, გვერდი–გვერდ იდგნენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ისე „ამერ–იმერის“ თვალმერცხალა გოგო–ბიჭები. მათ დაამსხვრიეს სტერეოტიპი: ჩვენ და ისინი და ერთ მთლიანობად წარდგნენ სტუმრების წინაშე, რამაც თსსუ–ის რექტორის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მედიაპალიტრის ჟურნალისტების და სხვა სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

     

მთავარი მიზეზი, ამ სტუმრობისა, ხომ სწორედ ეს გახლდათ: არავითარი „ჩვენ და ისინი“ არ არსებობს. არსებობს რეალობა, რომელიც უნდა სწორად აღვიქვათ, რეაქცია, რომელიც სწორად უნდა გამოვხატოთ და მისია: მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირების რეაბილიტაცია როგორც ფიზიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ისე სოციუმშიც და ჩვენს ცნობიერებაშიც.

თსსუ–ისა და მედიაპალიტრის ერთობლივ პროექტს სწორედ ასე ჰქვია: „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია“. ჟურნალისტები და თსსუ–ის სტუდენტები ერთიანდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა მხარდასაჭერად. ამავე მიზნით შეიქმნა კლუბი „ ტრირეა“ რომელსაც თსსუ–ის მხრიდან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ბახუტაშვილი ჩაუდგა სათავეში. სტუდენტები არაერთ ღონისძიებას გეგმავენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დასახმარებლად.

იდეით აღფრთოვანებული დარჩა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მან აღნიშნა, რომ მზად არის დახმარება გაუწიოს კეთილ წამოწყებას და თანადგომა არ მოაკლოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მედიაპალიტრის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია სიყვარულით უსმენდა ყველა ბენეფიციარს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ მედიაჰოლდინგი აუცილებლად  გააშუქებს ყველა საკითხს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია „რეას“ ბენეფიციარებისთვის პირველ რიგში ადამიანი იყო, რომელიც დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა მათ მიმართ. ამიტომაც ეხუტებოდნენ, მეგობრულად ართმევდნენ ხელს.

გამორჩეული სიხარულით ეგებებოდნენ სტუდენტებს, რომლებიც იქვე, „რეას ციყვებში“ გეგმავდნენ მომავალ მხარდასაჭერ აქციას ბენეფიციარებისთვის.

– ეს მართლაც არაჩვეულებრივი დღეა, როცა თსსუ–ისა და მედიაპალიტრისგან ამხელა მხარდაჭერა ვიგრძენით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარული მიანიჭეთ თითოეულ მათგანს, – თავადაც ვერ ფარავდა სიხარულს „რეას“ დამფუძნებელი ელისო რეხვიაშვილი.

კაფეში მოხდა ფოტოპროექტის წარდგინება, რომელიც ერთი წლის მანძილზე განხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მედიაპალიტრის ჟურნალისტების, თსსუ–ის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის და სხვა გამოჩენილი პირების ერთობლივ გადაღებას გულისხმობს. პირველი ფოტოები უკვე გადაიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თსსუ–ის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ცნობილმა ჟურნალისტებმა მარიკა დარჩიამ, ნინო ბურჭულაძემ.  

სტუმრებმა 3 დეკემბრის დღისადმი მიძღვნილ გამოფენა–გაყიდვაზე ხელნაკეთი ნივთები შეიძინეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ,  ვიცე–რექტორმა, პროფესორმა  კახაბერ ჭელიძემ, რექტორის აპარატის უფროსმა ნინო რუხაძემ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, მისმა მოადგილემ ნინო ცხვედიანმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ, მედიაპალიტრის კრეატიულმა  დირექტორმა მარიკა დარჩიამ, მარკეტინგის მენეჯერმა თამთა ასლანიშვილმა... მათ შენაძენთან ერთად ის სითბო და სიყვარული წაიყოლეს, რაც ასე საგრძნობია ცენტრ „რეაში“.

– არ ვიცი, მათ უფრო სჭირდებათ ჩვენი დახმარება, თუ ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება მათი თანადგომა, – აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

მათი თანადგომა კი მართლა შეუძლებელია, არ დაინახო: XXI–ე საუკუნის  ემოციურად გადატვირთული ცხოვრების ფონზე მათ შექმნილი აქვთ ერთგვარი კუნძული, სადაც სიყვარულით უთბობენ სულებს ერთმანეთსაც და ამ კუნძულზე „შეღწეულ“ მოყვასსაც...