საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორ კვირაზე მეტია, რაც ამუშავდა. ამ დღეების მანძილზე, კლინიკამ მიიღო 761 პაციენტი,  მათ შორის:  ამბულატორიული - 344, სტაციონალური -417. გაკეთდა გეგმიური  და  გადაუდებელი ოპერაციები.

მიმდინარე წლის 6 მაისს კლინიკას ეწვია და მისი მუშაობის პროცესს გაეცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე. სტუმრებს დაათვალიერებინეს კლინიკაში მიმდინარე სასწავლო და სამკურნალო პროცესი.

სამეანო განყოფილებაში დაბადებული პირველი ჩვილი  გოგონა განსაკუთრებული სიხარულით მოინახულეს:  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, კლინიკის მედპერსონალმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის  წარმომადგენლებმა,.

კლინიკაში განთავსებულია 18 სასწავლო დეპარტამენტი, სადაც მაღალ დონეზე აღჭურვილ აუდიტორიებში მიმდინარეობს ლექციები სტუდენტებისთვის. მათ საშუალება აქვთ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ონ ლაინ რეჟიმში თვალი ადევნონ მიმდინარე ოპერაციას და დეტალურად განიხილონ ნანახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა კლინიკაში ნანახ სამუშაო პროცესს და აღნიშნა, რომ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოში უკვე მთელი სიმძლავრით მუშაობს და ეს არის მნიშვნელოვანი, გრანდიოზული და წარმატებით განხორციელებული პროექტი. არავითარი ხარვეზი არ არის გამოვლენილი, ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის, რომ წარმატებით გაიარონ პრაქტიკა. მადლობა სამედიცინო უნივერსიტეტს და ყველა იმ მხარეს, ვინც იყო ჩართული სახელმწიფოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლინიკის მუშაობით კმაყოფილები არიან როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი. შედეგი კი აუცილებლად აისახება ხარისხზე, რაც ყველასთვის საგრძნობი იქნება.