უცხოელ სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო კურსი დაასრულეს, დიპლომები და მედლები გადაეცათ

უცხოელ სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო კურსი დაასრულეს, დიპლომები და მედლები გადაეცათ

 

მიმდინარე წლის 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო კურსი დაასრულეს, დიპლომები და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

სტუდენტები ამ ღონისძიებას ტრადიციულად თეატრალიზებულად აღნიშნავენ. დარბაზში შემოდიან მანტიებით შემოსილი სტუდენტები ანთებული სანთლებით. ეს მათი დასკვნითი საღამოა თსსუ–ში, ამიერიდან იწყება ცხოვრება, სადაც მიღებული ცოდნის გამოყენება და კარიერული წინსვლაა საჭირო. თსსუ კი თავის კურსდამთავრებულთა გულშემატკივრად რჩება მუდმივად.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს: თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, უცხოელ სტუდენტთა დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დავით თოფურიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ია ავალიანმა, პროფესორმა ნუგზარ ნარსიამ.

ღონისძიებას ესწრებოდა ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში სურეშ ბაბუ. მან მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ, უკვე დიპლომირებულ ექიმებს კი უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

ღონისძიებას თან სდევდა ამაღლებული და საზეიმო განწყობა. დასასრულს უცხოელი სტუდენტები ინდური ტრადიციით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.