საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია

მიმდინარე წლის 26 ივნისს, თსსუ–ის ადმინისტრაციულ კორპუსში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელმაც ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა, კურსდამთავრებულთა ინიციატივით, ღონისძიებისათვის   შეკრებილი თანხა,  2000 ლარი  13 ივნისის სტიქიური უბედურების  დროს დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემა.

 სტუდენტებს სწავლის დასრულება მოულოცეს და წარმატებები უსურვეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანიმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა, რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, პროფესორებმა: ირაკლი მჭედლიშვილმა,  რევაზ კვერენჩხილაძემ, ლევან ბარამიძემ, შალვა ზარნაძემ, ირინე ზარნაძემ, მარინა გიორგობიანმა, დალი ბაქრაძემ... მათ ვინც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულით, მოთმინებით ცდილობდნენ სტუდენტები კვალიფიციურ კოლეგებად ჩამოეყალიბებინათ.

„ჩვენ გვეამაყებით“, – უთხრეს პროფესორ მასწავლებლებმა უკვე ყოფილ სტუდენტებს.

„ჩვენ ვამაყობთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტით!“ – გულწრფელად აღიარებდნენ კურსდამთავრებულები. როგორც მათ აღნიშნეს, უნივერსიტეტმა მათ საუკეთესო წლები აჩუქა. იყო სიხარულის და სევდის ცრემლებიც. სიმბოლური, სიყვარულით მომზადებული სამსახსოვრო საჩუქრებიც, რომელიც პროფესორმა ირინე ზარნაძემ უკვე ტრადიციად აქცია.

საზეიმო ცერემონია ადმინისტრაციული კორპუსის წინ დასრულდა, სადაც ტრადიციულად ქუდები ცაში აისროლეს და ახალი ცხოვრების დასაწყებად საიმედო პლაცდარმიდან – მშობლიური თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან – გადააბიჯეს.