ნაძალადევის გამგეობისა და საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ

ნაძალადევის გამგეობისა და საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდებათ.  ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თვეში ერთხელ უფასო კონსულტაცია გაიარონ და გარკვეული პაკეტის ლაბორატორიული კვლევები ჩაიტარონ. 

აქციის პირველ დღეს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და  თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლაშა აბესაძე დაესწრნენ. დღესვე, გამგეობასა და საუნივერსიტეტო კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, 50-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე უფასო კონსულტაციებს ყოველი თვის მეორე სამშაბათს გაივლის. 

„ნაძალადევის რაიონში ბევრი სოციალურად დაუცველი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა მიმართ ჯანდაცვის სამინისტრო და თვითმმართველობა აქტიურ მზრუნველობას იჩენს. არის საკითხები, რაშიც გვჭირდება კლინიკების დახმარება, ასეთია მოქალაქეების გამოკვლევები, რომელიც ახლა უფასოდ მიმდინარეობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კეთილი ნებით, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ. 

„ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი კადრებით, რაც სამედიცინო კონსულტაციისა და ლაბორატორიული კვლევის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. გამგეობისა და კლინიკის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რაიონში მცხოვრები უამრავი მოქალაქე უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებს“ - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბესაძემ. 

საუნივერსიტეტო კლინიკისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთობლივი სამედიცინო აქცია 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება.