თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2015–2016 სასწავლო წელი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2015–2016 სასწავლო წელი გაიხსნა

მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მას მერე, რაც 1930 წლის 10 ივნისს განხორციელდა 1918 წელს დაარსებული თბილისის უნივერსიტეტის რეორგანიზება და დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თავის  85–ე სასწავლო წელს  ხსნის (საქართველოში მედიცინის ფაკულტეტის დაარსებიდან, სადაც საფუძველი ჩაეყარა ამ უმაღლეს სასწავლებელს,  97–ე სასწავლო წელი).

2015–2016  სასწავლო წელი  საზეიმოდ გაიხსნა. სტუდენტებს მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, პროფესორი  მიხაილო კორდა (ი. გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი,  უკრაინა), პროფესორი იაროსლავ ვალკოვიაკი (პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პოლონეთი), პროფესორი ოტტო დაპუნტი (გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, ავსტრია), პროფესორი ტიმო ულრიხსი (ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი,  კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის  ხელმძღვანელი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის  ექსპერტი,თსსუ–ის საპატიო დოქტორი, გერმანია), პროფესორი ირმა კვიცარიძე (ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოლოგიის განყოფილების უფროსი ექიმი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, ავსტრია), პროფესორი მარტინ რიტცენი  (კაროლინსკას უნივერსიტეტის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორ ემერიტუსი, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი1984–2002 წლებში, შვედეთი), პროფესორი ჯეიმს ლი (თსსუ–ის მოწვეული პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ), პროფესორი ტატიანა ილაშჩუკი  (ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროპედევტიკის დეპარტამენტის პროფესორი, უკრაინა), პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), უცხოელი სტუდენტები: თარაკა დუნუვილა (მეთორმეტე სემესტრის სტუდენტი, შრი–ლანკა) და ჯოანა და კოსტა (მეექვსე სემესტრის სტუდენტი, შვედეთი). დასასრულს სტუდენტებს მიმართა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ. მან საჩუქრები გადასცა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გამოვლენილ თერთმეტ ყველაზე რეიტინგულ პირველსემესტრელ სტუდენტს.

საზეიმო შეხვედრაზე შესრულდა საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიმნები. დასკვნით ნაწილში საზეიმო განწყობა ფეიერვერკით დაგვირგვინდა. ტრადიციულად, სტუდენტებმა ცაში გაუშვეს თეთრი და ცისფერი საჰაერო ბუშტები, რასაც მომავალი წინსვლისა და ოცნებების ასრულების სიმბოლური დატვირთვა აქვს. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ სხვადასხვა ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტები შეხვდნენ დეკანებსა და უცხოელ პროფესორებს, ისაუბრეს სასწავლო პროცესისა და მომავალი პროფესიის შესახებ.