მინისტრ დავით სერგეენკოს ვიზიტი თსსუ–ში

მინისტრ დავით სერგეენკოს ვიზიტი თსსუ–ში

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ:  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი პაატა ბუკია.  სტუმრებს შეხვდნენ თსსუ–ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.  

შეხვედრის დასაწყისში დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად თავად არის მომხსენებლის ამპლუაში, აუდიტორია კი უსმენს მას, ამჯერად, თავის ალმა–მატერში, უნივერსიტეტში, სადაც 6 წელი სწავლობდა, სურდა სტუდენტებისგან მოესმინა ძირითადი სათქმელი, ემსჯელათ მიმდინარე რეფორმებსა და პრობლემატურ საკითხებზე.

შეხვედრამ ძალიან თბილ და საქმიან  გარემოში ჩაიარა. სტუდენტებმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრმა ინტერესით მოისმინა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ყველა შენიშვნა დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასა  თუ დასახვეწ საკანონმდებლო ბაზაზე. სტუმრები პასუხობდნენ აუდიტორიის შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუდენტების გადაწყვეტილებით,  სიმბოლური საჩუქარი გადასცა მინისტრ დავით სერგეენკოს – თეთრი ხალათი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკით. მინისტრმა სიამოვნებით ჩაიცვა ხალათი თავისი ალმა–მატერის სიმბოლიკით და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო სტუდენტებთან.