სოხუმის დაცემის დღე თსსუ–ში აღნიშნეს

სოხუმის დაცემის დღე თსსუ–ში აღნიშნეს

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღე აფხაზეთის ომში ბრძოლის ველზე დაცემულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის,  ნიკოლოზ ღიბრაძის და  რევაზ მუმლაძის ხსოვნის მემორიალთან აღინიშნა.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 22 წელი გავიდა. მემორიალთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ: დაღუპულ სტუდენტთა მშობლები და ოჯახის წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის წევრები, აფხაზეთში დაღუპული ბიჭების შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი ზურაბ ლეშკაშელი, რომელიც აგრეთვე თსსუ–ის კურსდამთავრებულია.  მათ პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს.  მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან, ამ ამბავთან დაკავშირებული ტკივილი დღესაც სულისშემძვრელია. არა მარტო ომში დაღუპულთა მშობლები და ოჯახის წევრები განიცდიან ძველებური სიმძაფრით საქართველოსთვის ამ მართლაც და მოუშუშებლად სისხლმდინარე ჭრილობის არსებობას, არამედ ნებისმიერი მოქალაქეც, მითუმეტეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები...

დაღუპულ მეომართა სულებისთვის პანაშვიდი აღავლინა ღვთისშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის დეკანოზმა გიორგიმ.