სტომატოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია კომპოზიციური საბჟენი მასალები III ათასწლეულში ესთეტიკასა და ფუნქციას შორის

სტომატოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია კომპოზიციური საბჟენი მასალები III ათასწლეულში ესთეტიკასა და ფუნქციას შორის

 

 
   

მიმდინარე წლის 24-29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი ლია სანოძე, ასევე თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები ნათია ნიჟარაძე და ნინო კორსანტია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ჩერნობიოში (კომოს პროვინცია, იტალია) სტომატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე "კომპოზიციური საბჟენი მასალები III ათასწლეულში ესთეტიკასა და ფუნქციას შორის".

კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის ქვეყნების 1300–მდე სტომატოლოგი. მომხსენებლები იყვნენ კიეტის უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო რანგის სტომატოლოგები, ევროპის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის წევრები და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპიკერები.

ქართველი კოლეგების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კიეტის უნივერსიტეტის პროფესორების ლორენცო ვანინისა და კამილიო დე არკანჯელოს პრეზენტაციებმა. ასევე, პროფესორ ფრანჩესკო მანგანისა და დოქტორ დანიელე რონდონის პრეზენტაციებმა – „საღეჭ კბილთა მხატვრული რესტავრაციის შესახებ“.

„კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება ჩვენ გამოგვადგება ჩვენს შემდგომ პრაქტიკულ და პედაგოგიურ საქმიანობაში. მისასალმებელია ისიც, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში პროფესორი ლორენცო ვანინის სკოლის წარმომადგენელი დოქტორი დანიელე რონდონი საქართველოში ჩამოდის და ჩვენ საშუალება გვექნება სტუდენტებთან ერთად კიდევ ერთი მაღალი დონის მასტერ კლასი გავიაროთ კბილთა რესტავრაციაში“ – აღნიშნეს პროფესორებმა ნათია ნიჟარაძემ და ლია სანოძემ.