პროექტი „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე “

პროექტი „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე “

2015 წლის 8  ოქტომბერს  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა პროექტის  „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე"  წარდგენა.

ინიციატივა ეკუთვნოდა „სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდს“ (www.sppf.info),რომლის საპატიო თავმჯდომარე 2015 წლის 4 ივნისს გახდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია II. ასევე, პროექტის ინიციატორები არიან: საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი,  ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექცია.

პროექტის პრეზენტაციაზე მისულ საზოგადოებას მიესალმა „სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი,  ხოლო ქალბატონმა ნინო თოთაძემ დაწვრილებით ისაუბრა პროექტის „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე“ არსზე და მიზნებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით,  შიმშილობს 300 ათასამდე ბავშვი, მათგან უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება 50 ათასი ბავშვი. ამიტომ,  საზოგადოება ვალდებულია, მხარში დაუდგეს მათ ოჯახებს და დაეხმაროს ჩვილი ბავშვების გამოკვებაში.

პროექტის ფარგლებში  უფასო საკვებით დახმარება გაეწევათ   ჰემოფილიით და ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახების და  სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულთა 6–დან 12 თვემდე ასაკის   ჩვილ  ბავშვებს,  ჩატარდება  მათი  მშობლებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგები,  განხორციელდება  პროექტის მონიტორინგი. პროექტის საერთო ღირებულება 330 ათასი ლარია.

ამ კეთილშობილური აქციის განხორციელებაში ფონდის მესვეურთ ქართული საზოგადოების და ქართველი ბიზნესმენების თანადგომის იმედი აქვთ.