თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეულზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეულზე

   
   

პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში საზეიმოდ გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული. კვირეულსა და გამოფენას ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კვირეული გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. მათ მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, წარმატებები უსურვეს მონაწილეებს და დაათვალიერეს სხვადასხვა უწყების მიერ „ექსპო ჯორჯია“–ს პავილიონში წარმოდგენილი თემატური სტენდები, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თსსუ-ის უახლესი სამეცნიერო ნაშრომები, სახელმძღვანელოები, მეთოდური რეკომენდაციები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიისა და ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა თავიანთი მიღწევები, სამეცნიერო შრომები და სამკურნალწამლო პრეპარატები გამოფინეს, რომლებმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.

„ექსპო ჯორჯიას“ სივრცე, ასევე, დაეთმო საჯარო ლექციებსა და პრეზენტაციებს. საზოგადოებამ მოისმინა საინტერესო ინფორმაცია მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე კვლევების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები, სემინარები, საჯარო ლექციები, კონფერენციები და ექსკურსიები. „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – 2015“ 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს, დაიხურება.