ფრანგი პოლიტიკოსის და ექიმის, ბერნარ კუშნერის ვიზიტი თსსუ-ში

ფრანგი პოლიტიკოსის და ექიმის, ბერნარ კუშნერის ვიზიტი თსსუ-ში

2015 წლის 20 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ეწვივნენ ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და ექიმი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სოციალური დაცვისა და დასაქმების დარგში, ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული დახმარების მინისტრი სამი სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტის პერიოდში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტის აქტიური წევრი, "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან–ელი მალკინი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ „ბერნარ კუშნერის გზა საექიმო მოღვაწეობით, კერძოდ, გასტროენტეროლოგიით დაიწყო და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან  გლობალურ, რევოლუციურ ჰუმანიტარიანიზმამდე ამაღლდა. მის მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციები „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და „მსოფლიოს ექიმები“ მებრძოლი ჰუმანიტარიზმის სიმბოლოდ იქცა, რაც კრიზისის პერიოდში მყოფი მოსახლეობის მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ზრუნვით არ შემოიფარგლება, არამედ მისი უფლებების დაცვისათვის იბრძვის, ყოველგვარი გეოგრაფიული საზღვრებისა და პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად“.

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლიერება გამოხატა ასეთი პატივცემული სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებით. აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა ბატონი ბერნარ კუშნერის დამსახურება საქართველოს წინაშე და მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა, ჟან–ელი მალკინმა ხაზი გაუსვა ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსისა და მოღვაწის ვიზიტის მნიშვნელობას და ბრძანა, რომ მისი დაწყებული საქმე გრძელდება და მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის: „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდი მიღწევებია, ყველაფერი კეთდება კიდევ მეტი წარმატებისათვის“.

აუდიტორიას ვრცელი სიტყვით მიმართა ბერნარ კუშნერმა. მან აღწერა, როგორ დააარსა „ექიმები საზღვრებს გარეშე“, რა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა მაშინ და აღნიშნა რომ როგორც ადრე, ახლაც მთავარ პრობლემად მსოფლიოში ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა რჩება. ეს ეხება საქართველოსაც; ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სამართლიანი და მაღალი სტანდარტის ჯანდაცვის სისტემა.

სტუდენტებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა შეკითხვები დაუსვეს ბერნარ კუშნერს.

დასასრულს,  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აუდიტორიას აცნობა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით  ბერნარ კუშნერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

მან ბატონ ბერნარ კუშნერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, გადასცა   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი,  უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი თეთრი ხალათი და სამახსოვრო საჩუქრები.

სტუმრებმა მიღებული შთაბეჭდილებებისა და სურვილების შესახებ ჩაწერეს უნივერსიტეტის  ,,შთაბეჭდილებათა წიგნში“.