პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცეს

პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცეს

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გაიმართა პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის მედიცინის დოქტორი, პედიატრიის დამსახურებული პროფესორი მიხაელ იაკობუს ლენტცე ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი აბაშიშვილმა,  სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა.

საზეიმო სხდომა გახსნა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ასისტენტ–პროფესორმა ლია ძიძიგურმა. მან აღნიშნა, რომ პროფესორ ლენტცეს დიდი დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე. ბონის საუნივერიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, 2004-2007 წლებში ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პედიატრი-გასტროენტეროლოგი, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და მსოფლიო ყრილობების ორგანიზატორი, პროფესორი მიხაელ ლენტცე, გერმანული სამთავრობო DAAD – ის პროგრამის დაფინანსებით, ბოლო 2 წელია, რაც თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მოღვაწეობს. მისი  უშუალო  მონაწილეობით კლინიკაში ფართოდ ინერგება   პედიატრიული და ქირურგიული გასტროენტეროლოგიის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მართვის თანამედროვე მეთოდები.

პროფესორმა ლენტცემ თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას უსასყიდლოდ გადასცა ფიბრო–ენდოსკოპიური, ანესთეზიოლოგიური და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის საჭირო აპარატურა. ის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ქართველ კოლეგებთან ერთად, სინჯავს და კონსულტაციას უტარებს კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების მქონე პედიატრიულ პაციენტებს.

გერმანელ პროფესორს ღირსეული ჯილდო მიულოცეს და სიტყვით მიმართეს პროფესორებმა: ნუგზარ უბერმა, ყარამან ფაღავამ, მანანა ჟვანიამ, ნანა გელაძემ და მერაბ ბუაძემ.

პროფესორმა ლენტცემ უდიდესი მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის და ქართველი ხალხის მიმართ, აღნიშნა, რომ ეს პირველი ორდენია მის ცხოვრებაში და ეს დღე არასოდეს დაავიწყდება.

IPN.ge

newpost.ge