თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”-2015 საზეიმოდ გაიხსნა  (30 ნოემბერი–10 დეკემბერი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი”-2015 საზეიმოდ გაიხსნა (30 ნოემბერი–10 დეკემბერი)

   
   

2015 წლის 30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა რიგით მეოთხე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი“ 2015.

ფესტივალი „ნიღაბი“ დაარსდა 2012 წელს ჩამოყალიბებული „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ.

ფესტივალის მეოთხე სეზონი საზეიმოდ გახსნა ფესტივალის ორგანიზატორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას“ რეჟისორმა, თსსუ–ის ასოცირებულმა პროფესორმა, ნათია გუჯაბიძემ – „მიხარია, რომ ფესტივალ „ნიღაბის“ ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია, რომლის მთავარი მიზანი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარების და მომავალი პროფესიული, შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბების, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოების ხელშეწყობა, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტთა შემოქმედებითი აქტივობის გამდიდრებაა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს 10 უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი, მათ შორის წელს პირველად ფესტივალი მასპინძლობს თურქეთის სტუდენტურ დასს და ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრს“.

მონაწილეებს და სტუდენტებს ფესტივალ „ნიღაბის“ დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ქ. თბილისის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა სოფიო სიხარულიძემ.

საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ფესტივალის კომპეტენტური ჟიურის წევრები: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ჯემალ ღაღანიძე (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (მსახიობი), თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი), ლელა მებურიშვილი (მსახიობი).

გახსნის ცერემონიალზე ფესტივალ „ნიღაბის“ საპატიო ჯილდო გადაეცათ ფესტივალის 3 უცვლელ მონაწილეს, მსახიობებს: მარიამ ჯოლოგუას, თამუნა ნიკოლაძეს და კახა მიქიაშვილს.

საზეიმო ცერემონიალი გაგრძელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური დასის „ღვინის თეატრი“ წარმოდგენით „ნერვები“ (ანტონ ჩეხოვის მოთხრობის „ნერვები“ მიხედვით).

ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტების თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოვლინდება.

ფესტივალი 10 დღეს გასტანს. საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია  10 დეკემბერს „თიბისი გალერეაში" გაიმართება (მის.: კ. მარჯანიშვილის ქ. N 5).

მონაწილე უნივერსიტეტები და პროგრამა:

30 ნოემბერი 16:00 საათი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
1 დეკემბერი 16:00 საათი - ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის უნივერსიტეტი;
2 დეკემბერი 16:00 საათი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
3 დეკემბერი 16:00 საათი - აზიური გუნდი;
4 დეკემბერი 16:00 საათი - საქართველოს უნივერსიტეტი;
5 დეკემბერი 16:00 საათი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
6 დეკემბერი 16:00 საათი - თურქეთის სტუდენტური დასი;
7 დეკემბერი 16:30 საათი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
8 დეკემბერი 16:00 საათი - ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;
9 დეკემბერი 16:00 საათი – ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.