თსსუ-ის  იოველ  ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტი  ხარისხის  ოქროს  პრიზით დაჯილდოვდა

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ხარისხის ოქროს პრიზით დაჯილდოვდა

2015 წლის 21-23 ნოემბერს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) ორგანიზაციის  „Business Initiative Directions“ მიერ ჩატარდა  ხარისხის საერთაშორისო კონვენცია   და  გაიმართა იმ  ორგანიზაციების  დაჯილდოების ცერემონიალი, რომლებიც  ხარისხის  მართვის  (QC 100  TQM-Total Quality Management) კრიტერიუმებით  შეფასდნენ,  როგორც განსაკუთრებით  წარმატებულები.  დაჯილდოების ცერემონიალს და სემინარებს ესწრებოდა 49 ქვეყნის ორასზე მეტი  წარმომადგენელი.

კრიტერიუმებით,  რომელიც  მართვისა  და  ხელმძღვანელობის ხარისხთან  ერთად ითვალისწინებდა  ტექნოლოგიების,  ინოვაციებისა  და  პროექტების  შეფასებას, თსსუ-ის  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი  ხარისხის  ოქროს  გვირგვინით დაჯილდოვდა  და ინსტიტუტის  დირექტორს,  პროფესორ  ნანა  გორგასლიძეს და თსსუ–ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, ფარმაციის აკადემიურ დოქტორს, მალხაზ გეთიას სერტიფიკატი გადაეცათ.

პროფესორი ნანა გორგასლიძე თსსუ-ის  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საქმიანობის, მართვისა და მიღწევების შესახებ დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა.  მოხსენებამ  დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების  შემდგომ სამუშაო შეხვედრები გაიმართა „Business Initiative Directions“-ის პრეზიდენტთან - ხოსე პრიეტოსთან, სამეცნიერო დირექტორთან - პროფესორ ალფონსო კასალთან, Quality Mix   ორგანიზაციის  პრეზიდენტთან -  ნორმან ინგლთან, ხარისხის ექსპერტთან - დოქტორ დევინთან  და   საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებთან.

მიღებული ჯილდო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  სერიოზული საერთაშორისო  აღიარებაა, რაც ხელს  შეუწყობს  მსოფლიოს წამყვან  კვლევით ორგანიზაციებთან   სამეცნიერო  კოლაბორაციას  და ერთობლივი  პროექტების  განხორციელებას. ამ  თვალსაზრისით  საყურადღებოა  „Business Initiative Directions“-ის  პრეზიდენტის,  ხოსე ე. პრიეტოს  წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ   ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი  განსაკუთრებით გამოირჩეოდა სხვა მონაწილეების ფონზე  და  ინსტიტუტს   მუდმივ   მხარდაჭერასა  და თანამშრომლობას  სთავაზობს.