დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ

   
   

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის (კიკეთის სკოლა) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ.

 3 დეკემბერს XI-XII კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან და სკოლის დირექტორთან, მარინა კაჭარავასთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ.

პროგრამის დირექტორი, ეკა ეკალაძე, მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს  თსსუ–ის ამერიკულიპროგრამის მიმართულების, პრიორიტეტების, შესაძლებლობებისა და სასწავლო გეგმის შესახებ ესაუბრა და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აბიტურიენტებს ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და თავიანთი გამოცდილების შესახებ ამერიკული პროგრამის სტუდენტებმაც გააცნეს. თამარ პაპიძემ, ნიკოლოზ ქარაზანაშვილმა და ნოდარ მაისურაძემ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ემორის უნივერსიტეტში (აშშ, ატლანტა) გატარებული ერთთვიანი საზაფხულო პროგრამის შესახებ უამბეს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა მათ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ჩართვის ფართო შესაძლებლობას აძლევს.

ამერიკელმა ექიმმა, დევიდ დომინგესმა, რომელიც თსსუ–ის ამერიკული პროგრამის ერთ–ერთი სასწავლო კურსის ,,გახდი ექიმი“ კოორდინატორია, სტუმრებს საინტერესო ლექცია შესთავაზა არა მხოლოდ აღნიშნული კურსის, არამედ, ზოგადად, ექიმობის არსის შესახებ. ეს ლექცია მოსწავლეებისთვის სახალისოც აღმოჩნდა. დევიდ დომინგესმა სტუმრებისთვის ბავშვებსა და მოზარდებში პირველადი დახმარების აღმოჩენაში ტრეინინგი ჩაატარა. პროგრამით დაინტერესებულმა სტუმრებმა კარდიოპულმონური რეანიმაცია სასწავლო სიმულაციური მულაჟების საშუალებით განახორციელეს.

დასასრულს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეებს თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრმა უმასპინძლა. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის მულაჟები, სასწავლო ოთახები და ცენტრის თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობა დაათვალიერებინა.

„დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD-Doctor of Medicine Degree Program) შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) თანადგომით. პროგრამის დეტალური დამუშავება მუდმივად ხორციელდება ატლანტის ემორის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად. 

დღესდღეობით, ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სკოლებში ფართოდ გამოიყენება მედიცინის სწავლების ისეთი პროგრამები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლის დაწყებისთანავე, აქტიურად იყოს ჩართული კლინიკურ საქმიანობაში და ამავდროულად, განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა. მედიცინის სწავლება სრულად ინტეგრირებულია და დაფუძნებულია ბაზისური საბუნებისმეტყველო და კლინიკური დისციპლინების ჰარმონიულ შერწყმაზე. 

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს  დაინტერესებული სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის მომავალშიც ჩაატარებს.