მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები და მასტერ–კლასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები და მასტერ–კლასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2015 წლის 11-13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორები: რაინოლდ ლანგი, ფრიც შპელსბერგი, გეორგიუს მაიამარაკისი, ფლორიან ვაისი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ზოგადი ქირურგიის უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის განყოფილების უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია.

ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებს შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, აკადემიური დოქტორი ირაკლი კოხრეიძე და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნოდარ ლომიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით დელიბაშვილი.

შეხვედრისას  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა, აკადემიურმა დოქტორმა ირაკლი კოხრეიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიაში მოღვაწე ექიმ გიორგი გრიგოლიას და გერმანელ პროფესორებს წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის გაწეული ღვაწლისთვის და დახმარებისთვის. ასევე, გააცნო კლინიკაში არსებული დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკა და არსებული მდგომარეობა. მხარეებმა განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაათვალიერეს კლინიკის საოპერაციოები, გადაუდებელი დახმარების ცენტრი და ლაბორატორია.

კლინიკის დათვალიერების შემდგომ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გერმანელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის:

  • „პრეოპერაციული დიაგნოსტიკა“ – პროფესორი ფლორიან ვაისი, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი;
  • „ქირურგიული ასპექტები ჭარბი წონის წინააღმდეგ“ – პროფესორი რაინოლდ ლანგი, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი;
  • „არტერიოსკლეროზი“ – პროფესორი გეორგიუს მაიამარაკისი, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი;
  • „ჭრილობების დამუშავება და ნაკერის დადების ტექნოლოგია“ – ფრიც შპელსბერგი,ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი;
  • „ტრანსპლანტაცია თუ რეზექცია ღვიძლის პირველადი სიმსივნის დროს“;
    „პრეოპერაციული ანტიკოაგულაციური თერაპია“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიაში მოღვაწე ექიმი გიორგი გრიგოლია.

ლექციების დასრულების შემდეგ, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის ჩაატარეს მასტერ–კლასი  ქირურგიული კერვისა და ანასტომოზის დადების ტექნიკის საკითხებზე.

ასევე, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორები შეარჩევენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 6 სტუდენტს, რომლებიც 2016 წელს სტაჟირებას გაივლიან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის  უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა.