თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ისრაელიდან მოწვეულმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებთან ერთად: თელ–ავივის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა–დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იცხაკ ვინოგრადმა, ჰოსპიტალის ზოგადმა ქირურგმა, პროფესორმა მიხეილ რაბაუმ, ბავშვთა ქირურგმა, პროფესორმა ოსნან ზმორამ და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ კუტუბიძემ – შვიდი წლის მოზარდს თორმეტგოჯა ნაწლავზე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს. 

„მოზარდს თორმეტგოჯა ნაწლავის თანდაყოლილი გაორება ჰქონდა. აღნიშნული სახის ოპერაცია საქართველოში პირველად განხორციელდა. პოსტოპერაციულმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა და მოზარდი თავს ჯანმრთელად გრძნობს. ისრაელის კლინიკებიდან ცნობილი პროფესორები საუნივერსიტეტო კლინიკაში 2011 წლიდან ჩამოდიან და ატარებენ საქველმოქმედო/საჩვენებელ ოპერაციებს. მათ სულ 10 ვიზიტი განახორციელეს, რომლის ფარგლებში ბავშვებში 50-ზე მეტი ურთულესი ოპერაცია შესრულდა“ – განაცხადა პროფესორმა ავთანდილ კუტუბიძემ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარებული ღონისძიებების საქველმოქმედო მხარეც. „როგორც ცნობილია, მსგავსი დონის ოპერაციები ძალიან ძვირადღირებულია უცხოეთში. ეს მართლაც დიდი საჩუქარია ჩვენთვის. რომ არა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დიდი   ავტორიტეტი, რომლის გამოც ასეთი დონის ქირურგები ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩვენი შვილები ამ ოპერაციას ვერ გაიკეთებდნენ“, – აღნიშნეს ნაოპერაციები და სრულად გამოჯანმრთელებული ბავშვების მშობლებმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკა მუდმივად კომუნიკაციაშია მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან და პროფესორებთან. უცხოელი კოლეგების საუნივერსიტეტო კლინიკაში მაღალ დონეზე ჩატარებული, საკმაოდ რთული და იშვიათი ოპერაციების ჩატარება, ნახვა და გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის/რეზიდენტებისთვის, ისე პროფესიონალი ექიმებისთვის.

უცხოელი პროფესორების საქველმოქმედო და საჩვენებელი ოპერაციების ციკლი გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მომავალშიც გაგრძელდება.