თსსუ-ში სიმსივნით გარდაცვლილი უჩა თავაძის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა

თსსუ-ში სიმსივნით გარდაცვლილი უჩა თავაძის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა

2015 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომლის მიზანს სიმსივნით გარდაცვლილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, უჩა თავაძის ოჯახის დახმარება წარმოადგენდა.

აუქციონის გასამართად საჭირო ნივთები (წიგნები, სუვენირები და სხვა პირადი ნივთები) ღონისძიების ორგანიზატორებს თსსუ-ის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა გადასცეს.

აუქციონზე ყველა ნივთის სიმბოლური საწყისი ღირებულება 1 ლარს შეადგენდა, მათი გაყიდვის საბოლოო ფასი კი, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი იყო. აუქციონში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა უნივერსიტეტის ლექტორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ სხვადასხვა ნივთები შეიძინეს.

ორგანიზატორებმა ღონისძიება თეატრალური წარმოდგენით გახსნეს, უნივერისტეტის სტუდენტებმა  სიმღერები და  მუსიკალური ნომერი შეასრულეს. 

საქველმოქმედო აუქციონს ორგანიზება სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ გაუწია. აუქციონის შედეგად შემოსული თანხა უჩა თავაძის მეუღლეს გადაეცა, რომელიც ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.