დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საიუბილეო დღეები მწერალთა სახლში და პროფესორ რამაზ შენგელიას ლექცია „აკაკი და მედიცინა“

დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საიუბილეო დღეები მწერალთა სახლში და პროფესორ რამაზ შენგელიას ლექცია „აკაკი და მედიცინა“

   
   

22 დეკემბერს მწერალთა სახლში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამი ქართველი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საარქივო მასალის გამოფენა „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებიდან“ გაიმართა.

ამ სამი დიდი პიროვნების ღვაწლი ქართული აზროვნების, ლიტერატურისა თუ ისტორიის განვითარებაში უდიდესია. 2015 წელს კი 200 წელი გავიდა დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებიდან, 100 წელი - აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან (იუნესკომ 2015 წელი აკაკის საიუბილეო წლად გამოაცხადა) და ასევე, 100 წელი შესრულდა ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან. ვინაიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება მათი პირადი არქივები, ცენტრმა ამ თარიღების აღსანიშნავად მოამზადა სამი საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი: „დიმიტრი ყიფიანი - მადლის მქმნელი“, „ვაჟა-ფშაველა“ და „აკაკი წერეთელი - ბედნიერი ნიჭის შემოქმედი“. სწორედ ამ სამი პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენს გამოფენა „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებიდან“.

საიუბილეო გამოფენის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე ლექცია „აკაკი და მედიცინა“ წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ შენგელიამ.

„ძალზედ საინტერესოა თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ აკაკის ოჯახის წევრებს ხალხურ მედიცინასთან და ვინ იყო აკაკის მკურნალი ექიმი, რა ხალხური წამლების რეცეპტები ჰქონდა შენახული აკაკის და როგორ აისახა  მის შემოქმედებაში მედიცინის საკითხები. მწერლის ოჯახში ხალხური მედიცინა ყოველთვის აქტუალური საკითხი გახლდათ, დედა – ეკატერინე და და – ანა წამლებს ამზადებდნენ და უანგაროდ ეხმარებოდნენ საჩხერელებს. ხალხური მედიცინის რეცეპტებს აკაკი წერეთელიც დიდი ინტერესით ეკიდებოდა. აღსანიშნავია, რომ აკაკის არქივში ინახება ერთი ხელნაწერი სამკურნალო რეცეპტი: ე.წ. „კუზმიჩის ბალახი”, –  წერს მიხეილ შენგელია თავის წერილში. თუმცა აკაკის კარგად ესმოდა, რომ ექიმის დახმარებას ალტერნატივა არ გააჩნდა. ამიტომაც იყო, თავგამოდებით იბრძოდა საჩხერეში საავადმყოფოს გახსნისთვის. საქართველოს უსაყვარლესი მგოსანი აკაკი დიდ პატივს მიაგებდა მედიკოსებს. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი ექიმი სამსონ თოფურია მისი პირადი მკურნალი გახლდათ. მათმა ურთიერთობამ კი ბევრი საინტერესო მოგონება და ფაქტი შემოუნახა ისტორიას“ – აღნიშნა ლექციისას პროფესორმა რამაზ შენგელიამ. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის პირადი წერილების, მეგობრული თუ სამუშაო მიმოწერების, სასიყვარულო ბარათების, ცნობილი შედევრების შავი ვერსიები, ფოტოები, უბის წიგნაკები და ანგარიშები... 
პირადი არქივებიდან კარგად ჩანს, როგორ იქმნებოდა ცნობილი ნაწარმოებები, რა გზა გაიარა შემოქმედებითმა პროცესმა, რამდენი ვერსია გადახაზა ავტორმა, სანამ ნაწარმოები წიგნის ფურცლებზე აისახებოდა და საზოგადოების კუთვნილება გახდებოდა; ავტორების ახლობლებისადმი დამოკიდებულება, როგორი მშობელი, მეუღლე, კოლეგა თუ მეგობარი იყო და მათი ცხოვრების სრულიად უცნობი დეტალები: საყვარელი საჭმელი, მაღაზიის დანახარჯების ჩანაწერები, გემოვნება, თვითშეფასება, არასაზოგადოებრივი საქმიანობა და წერის მანერა პირად მიმოწერაში.

ექსპოზიციის მიზანი იყო, დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შესახებ საზოგადოებას გაეცნო ის, რაც დიდხანს დარჩება ცნობიერებაში და საფიქრალს დაუტოვებს, სხვა მხრიდან დაანახვებს ამ ერთგვარად დისტანცირებულ, იდეალურ საზოგადო მოღვაწეებს.

ipn.ge