საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგებისათვის

საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგებისათვის

ქართველი სტომატოლოგების პროფესიულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო ღონისძიება, რომელიც 3 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, კომპანია „New Line Dental“-მა, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტმა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითმა ცენტრმა, უნიდენტმა უმასპინძლა რომის უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორებს: ნიკოლა გრანდეს და ჯანლუკა პლოტინოს. ლექტორებმა წარმოუდგენლად საინტერესო ლექცია ჩაატარეს, რითიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200 კაციანი დარბაზი, რომელიც ხალხს ვერ იტევდა, აღფრთოვანებული დარჩა. ლექციის თემა შეეხებოდა ფესვის არხთა სისტემის მკურნალობის თანამედროვე ასპექტებს და ამ პროცესში გამოყენებულ საშუალებებს. სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ლექცია 3 მარტს - დედის დღეს დაემთხვა.

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას ლექტორები წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ. ლექცია 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შესვენების პერიოდში  მსმენელები  შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. თვალშისაცემი იყო აუდიტორიის პროფესიული დაინტერესება. ლექციას ესწრებოდნენ ჩვენი უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტებიც.

4-5 მარტს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევით ცენტრ უნიდენტში ჩატარდა 4 მასტერკლასი, სადაც 56-მა ექიმმა,  ინიდივიდურად მოწყობილ სამუშაო ადგილებზე პრაქტიკული უნარების დახვეწა შეძლო. ლექციისა და მასტერ-კლასის მონაწილეებს, ტრენინგების დასრულების შემდეგ, სერტიფიკატები გადაეცათ.