პროფესორი რამაზ შენგელია – ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აქტიური წევრი

პროფესორი რამაზ შენგელია – ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აქტიური წევრი

2016 წლის 5–11 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია მიწვეული იყო  ავსტრიაში, მისი „ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის“ აქტიურ წევრად ინაუგურაციასთან  დაკავშირებით.

პროფესორი შენგელია გასული წლის სექტემბერში აირჩიეს აღნიშნული აკადემიის აქტიურ წევრად. ეს პატივი აქამდე მხოლოდ 9 ქართველ მეცნიერს ხვდა წილად.

მედიცინის სფეროში  პროფესორი რამაზ შენგელია მესამე კანდიდატია საქართველოდან. ეს საპატიო წოდება უკვე მიღებული აქვთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ–ის საპატიო დოქტორს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას.

„ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია“ გასული საუკუნის 80–იან წლებში შეიქმნა და სოლიდურ სამეცნიერო საზოგადოებას წარმოადგენს. მასში გაერთიანებულია 1800 წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  ამჟამად, აკადემიის აქტიური  წევრია ნობელის პრემიის 5 ლაურეატი,  32 „ნობელიანტი“ კი –საპატიო წევრადაა არჩეული.

აკადემიის შტაბ–ბინაში,  რომელიც მდებარეობს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში , ინაუგურაციის ცერემონიალზე  “აკადემიის“ ახალ  წევრებს მიესალმა „ევროპის აკადემიის“ პრეზიდენტი, ცნობილი კარდიოქირურგი და საზოგადო მოღვაწე - ფელიქს იუნგერი, რომელმაც მისალმების შემდგომ დამსწრე საზოგადოებას გააცნო  „მომავალი ევროპის“ კონცეფცია.

ინაუგურაციის ცერემონიალზე  პროფესორ რამაზ შენგელიას გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. ბატონმა რამაზმა მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელზეც განხილულ იქნა „მომავალი ევროპის“ კონცეფცია. პროფესორ  რამაზ შენგელიას მიერ წარდგენილი მოსაზრებები შევა სპეციალურად გამოცემულ წიგნში,  სათაურით „ Next Europe”.