1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თსსუ–ის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თსსუ–ის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

   
   

2016 წლის 01 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება ჩვენი კლინიკისათვის ტრადიციულია და უკვე მეშვიდედ ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობისათვის მოწვეული იყვნენ თბილისის, დიდუბე – ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, აგრეთვე ჩვენი კლინიკის ტრადიციული პარტნიორები – ქ. თბილისის N200-ე სპეციალური სკოლის მოსწავლეები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკის მიმდებარე ტერიტორიებზე დისლოცირებული ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეებმაც.

კლინიკის საკონფერენციო დარბაზში აქციაში მონაწილე მოზარდებთან მოეწყო საზეიმო შეხვედრა, სადაც თსსუ–ის ასისტენტ–პროფესორმა, მაია ფხალაძემ, სტუმრებისათვის ჩაატარა საინფორმაციო–შემეცნებითი პრეზენტაცია კბილების და პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ. უპასუხა მშობელთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რის შემდეგაც, კლინიკის ექიმებმა: ირმა ბოცვაძემ, თამარ და ლალი კოჭლაშვილებმა, ქეთევან დოლიძემ, კახაბერ სიხარულიძემ, ელისო ჩაკვეტაძემ, ნინო უსანეთაშვილმა, თსსუ ბავშვთა სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კობახიძემ, აგრეთვე რეზიდენტებმა: თამარ რატიამ, გულნაზ ბერიაშვილმა, გურანდა კახაძემ და სხვებმა, აქციის უკლებლივ ყველა მონაწილეს დაუთვალიერეს პირის ღრუ, მოახდინეს კბილების პროფესიული წმენდა, გამოვლენილი პათოლოგიების დიაგნოსტირება და განახორციელეს შესაბამისი სამკურნალო პროცედურები.

ექიმი–ორთოდონტების მიერ მონიშნულ იქნა არაერთი მოზარდი მომავალში სამკურნალოდ.

დასასრულს, კლინიკის კოლექტივი, აქციის მონაწილეებს გაუმასპინძლდა ტრადიციული ტორტითა და ტკბილეულით, აგრეთვე გამაგრილებელი სასმელებით. ღონისძიების დამთავრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გამოკვეთილი კმაყოფილებით დატოვეს საუნივერსიტეტო კლინიკა.

კლინიკის კოლექტივი, მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და სპონსორებს დახმარებისათვის.