ზაფხულის სტაჟირების პროგრამაში წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან 150 სტუდენტი ჩაერთვება

ზაფხულის სტაჟირების პროგრამაში წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან 150 სტუდენტი ჩაერთვება

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ზამთრის და ზაფხულის სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტისათვის.

პროგრამა უკვე 4 წელია ფუნქციონირებს და დღეისათვის მონაწილეთა რაოდენობა 1800 სტუდენტს აღემატება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის 15 ივლისს გაიმართა შეხვედრა თსსუ–ის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“, სადაც სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჩოხელი,  მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანატების, კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ  სტაჟირების გეგმას და  გადანაწილდნენ კლინიკებში სასურველი სპეციალობების მიხედვით.

წელს, საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში დარეგისტრირდა 150 სტუდენტი, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას 2016 წლის 25 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით მათთვის სასურველი სპეციალობების მიხედვით.

აღნიშნული პროგრამა მომავალშიც ტრადიციულად განხორციელდება.