თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბარსელონაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბარსელონაში

2016 წლის 26-31 აგვისტოს  ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენცია, რომლის მუშაობაში  მონაწილეობა  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა, პროფ. რიმა ბერიაშვილმა, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. გაიანე სიმონიამ და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფ. მარინე  მამალაძემ.

კონფერენციაზე დელეგაციამ წარმოადგინა მოხსენება "აკადემიური პერსონალის გადამზადების შედეგები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  5-წლიანი გამოცდილება" (The Impact of Faculty Development on Medical Teachers Perceptions: 5 years of Experience at Tbilisi State Medical University, Georgia), რომელიც ეხებოდა თსსუ-ის აკადემიური განვითარების ცენტრში 2012-2016 წლებში აკადემიური პერსონალის ტრეინინგის შედეგებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში. მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.

კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები თსსუ-ის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან - AMEE-ს პრეზიდენტთან პროფ. ტრუდი რობერტსთან, ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორთან, რიჩარდ ფულერთან, ურტრეხტის აკადემიური მედიცინის საუნივერსიტეტო ცენტრის და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოლე ტენ კატესთან.  შეხვედრებზე განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის სტრატეგიები.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მეტად მნიშვნელოვან ვორქშოფში "სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სამედიცინო სკოლების აღიარების კრიტერიუმების განხილვა", რომელიც ეხებოდა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადებას. სამუშაო შეხვედრას  უძღვებოდნენ  WFME-ის პრეზიდენტი დევიდ გორდონი და  სამედიცინო განათლებისა და კვლევის საერთაშორისო ფონდის  (FAIMER) წარმომადგენლები -  ჯონ ნორსინი და მარტა ვან ზატენი. შეხვედრაზე განხილული იქნა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება თსსუ-ს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში.