სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის  სამუშაო ვიზიტი იტალიაში

სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი იტალიაში

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  უფროსი დავით  დელიბაშვილი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, მთავარი სპეციალისტი, პროგრამა „ერასმუს პლუსის“ კოორდინატორი  ნინო კანდელაკი და  სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  სალომე ვორონოვი ერასმუს პლუსის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში,  ქალაქ პერუჯის უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ევროპაში ცნობადობის გაზრდა და ინტერნაციონალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას.

ამ მიზნით განხორციელდა აღნიშნული ვიზიტი იტალიაში. აღსანიშნავია, რომ პერუჯის უნივერსიტეტი    არის უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი, რომელიც ამჟამადაც აგრძელებს სამეცნიერო პოტენციალის დაგროვებას. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი  მიზნად ისახავდა ორი კვირის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებს   იტალიელ კოლეგებთან – პერუჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

  ვიზიტის ფარგლებში  დელეგაციის წევრები შეხვდნენ პერუჯის უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფესორ ელენა სტანგელინის, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს,  რომლის ფარგლებშიც ხდება   პერუჯის უნივერსიტეტში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაგზავნა.

წარმატებით ჩაიარა პროგრამა  „ერასმის პლუსის“ კოორდინატორის  ნინო კანდელაკის მოხსენებამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ.

სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები  ასევე  შეხვდნენ: პერუჯის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ბენედეტო  ნატალინის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ  ფრანჩესკო გრინიანის, პროექტის კოორდინატორს, პროფესორ ტომასო ბეკარის და პროფესორ მარიაპია ვიოლა მანის. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო – სამეცნიერო და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა, ინფორმაციის და სამუშაო გამოცდილების გაზიარება.  

ვიზიტის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა შეძლეს დაკავშირება იტალიის ქალაქ პიზის უნივერსიტეტის „ერასმუს პლუსის“ პროექტების კოორდინატორთან და პედიატრიული ფაკულტეტის  წარმომადგენლებთან, „ერასმუს პლუსის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.