კიდევ ერთი დონაცია პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცესგან და გერმანიის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კიდევ ერთი დონაცია პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცესგან და გერმანიის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, დოქტორი ჰაიკე ფაიჩი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი დანიელ ჰაასი და თარჯიმანი ეკატერინე რაისნერი, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიის პროფესორი მიხაელ იაკობუს ლენტცე, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი მეგობარი და ქველმოქმედია. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასისტენტ-პროფესორი ლია ძიძიგური.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის აღნიშვნა, რომელიც პროფესორი მიხაელ იაკობუს ლენტცეს ინიციატივით განხორციელდა.

პროფესორი მიხაელ იაკობუს ლენტცე უკვე ოთხი წელია საქართველოში მოღვაწეობს. მან არაერთი მნიშვნელოვანი დონაცია განახორციელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის,  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისთვის და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისთვის.  ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დიდი საჩუქარი მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პროფესორ ლენტცესაგან: ათი სასწავლო მიკროსკოპი სტუდენტებისთვის, ფოტოთერაპიის ლამპა ახალშობილთათვის, რომელიც გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნეონატოლოგიის განყოფილებაში განთავსდება და დოპლერის აპარატი დიაგნოზის დასასმელად.

გერმანელი პროფესორის საჩუქრის საქართველოში ჩამოტანაში დიდი წვლილი შეიტანა გერმანიის საელჩომ საქართველოში.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა გერმანულ-ქართული ურთიერთობების ისტორიაზე მედიცინისა და ფარმაციის სფეროში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობაზე გერმანულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული აქვს - საპატიო დოქტორის წოდება და ამ წოდებას ყველაზე მეტი გერმანელი პროფესორი ატარებს. მან განსაკუთრებით ისაუბრა პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცეზე, რომელიც, ცხადია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც გახლავთ, აღნიშნა მისი დამსახურებების შესახებ. მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, გერმანიის საელჩოს თანადგომისთვის და სთხოვა, იქნებ გამოიძებნოს რამე გზა, რომ პროფესორი ლენტცე ისევ დარჩეს საქართველოში. ის უკვე მეოთხე წელია, პროგრამა DAAD-ის ფარგლებში, საქართვერლოშია და პროგრამით გათვალისწინებული ვადა მალე ამოიწურება...

გერმანიის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გულთბილი დახვედრისთვის. მან აღნიშნა, რომ გაეცნო რა იმ გერმანელი პროფესორების სიას, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან, აღიარებს, რომ ყველა მათგანი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა გერმანიის სამედიცინო სფეროში. მადლობა გადაუხადა პროფესორ ლენტცეს იმ დიდი თავდადებისთვის, რაც მან გამოიჩინა საქართველოში მოღვაწეობისას.

პროფესორმა მიხაელ იაკობუს ლენტცემ საქართველოში გატარებულ დროს აფასებს როგორც „ფანტასტიკურ დროს მის ცხოვრებაში“. მან მადლიერებით მოიხსენა ყველა, ვინც წვლილი შეიტანა მის საქართველოში ჩამოსვლაში: გერმანიის მთავრობა, საერთაშორისო პროექტი DAAD, დიდი სიყვარული გამოხატა ქართველი კოლეგების მიმართ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ლია ძიძიგურმა კიდევ ერთხელ აუწყა გერმანელ სტუმრებს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ბატონი ლენტცეს მოღვაწეობა. „ჩვენს კლინიკას სჭირდება პროფესორი ლენტცე. უაღრესად მადლიერი და მოხარული ვიქნებით, თუ გამოიძებნება საშუალება და ის გააგრძელებს საქართველოში სამედიცინო და პედაგოგიურ საქმიანობას“.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი საჩუქრები გადასცა სტუმრებს და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების დიდი მადლიერება კიდევ ერთხელ დაუდასტურა.