თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტის რექტორი 8 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტის რექტორი 8 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების  V-VI სემესტრის სტუდენტებს. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვნად მიაჩნია პირდაპირი კომუნიკაცია სტუდენტებთან, მათი პრობლემებისა და სურვილების პირველწყაროდან მოსმენა.

აუდიტორიასა და რექტორს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ,  გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ, შენიშვნები დაეფიქსირებინათ როგორც საკუთარი სახელით და გვარით, ისე კონფიდენციალურადაც.

დაისვა შეკითხვები, რომლებსაც უპასუხა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. კონკრეტულ საკითხებზე კომენტარები გააკეთეს: ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ,  მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, იურიდიული სამსახურის უფროსმა მზია დუნდუამ.

სტუდენტები დაინტერესდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი  პროექტებით. ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინა და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ, ალექსანდრე ბუაჩიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ნინო კანდელაკმა და ნინო აფციაურმა მიმოიხილეს გაცვლითი პროგრამები და დააკვალიანეს სტუდენტები, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამებში.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტს შეხვედრაზე მოსვლისთვის. რაც შეეხება მათ შენიშვნებსა და წინადადებებს, რეაგირება დარბაზშივე მოჰყვა. შესაბამის დეპარტამენტებსა და განყოფილებებს მიეცათ მითითება შეისწავლონ დასმული საკითხები და კანონის ფარგლებში, გაითვალისწინონ სტუდენტების მოთხოვნები.