პროექტი „ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს“

პროექტი „ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს“

   
   

სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, დაიწყო ერთობლივი პროექტი „ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს“. პროექტის მიზანია   იმ სტუდენტების, მაგისტრების, დოქტორანტების ოჯახების მიმართმზრუნველობა, რომელთაც ჰყავთ 6 თვიდან 18 თვემდე ასაკის შვილები.  როგორც ცნობილია, ამ ასაკის ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი კვება და სწორი განვითარება. ამ მიზნით, 2016 წლის 6 დეკემბერს პროექტის „ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდში მოეწყო ბავშვების უფასო გასინჯვა-კონსულტაცია.

ღონისძიების მსვლელობისას, ახალგაზრდა მშობლებს ესაუბრა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი,  გააცნო მათ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ყურადღება გაამახვილა ბავშვთა მოვლის მნიშვნელობასა და სირთულეებზე.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი. მან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალგაზრდა ოჯახები, სადაც ერთი ან ორივე მშობელი სტუდენტი, მაგისტრანტი, ან დოქტორანტია, განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დგანან. მათ ეფექტურად უნდა შეუთავსონ სწავლა შვილზე მზრუნველობას... თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებულად ფიქრობს ასეთ ოჯახებზე. პროექტი „ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მზრუნველობის გამოსახატად.

 სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა გადასცა ახალგაზრდა მშობლებს შვილის ასაკის შესაბამისი ერთი თვის სამყოფი  დამატებითი საკვები (ფაფა, ხილფაფა, ბოსტნეულის პიურეები, ხორცის პიურეები, ჰიგიენის საშუალებები). ამასთანავე, მშობლებს ჩაუტარდათ კონსულტაციები. დაწვრილებითი ინფორმაცია ბავშვის სწორ მოვლასა და კვებაზე მშობლებს გააცნო სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის წარმომადგენელმა, მედიცინის დოქტორმა, ნინო თოთაძემ.