ტრადიციული წინასაშობაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის ბენეფიციარებთან

ტრადიციული წინასაშობაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის ბენეფიციარებთან

2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის -„რეას“ ბენეფიციარებს უმასპინძლეს. სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა. მან აღნიშნა, რომ უკვე მესამე წელია უნივერსიტეტი "რეას" მხარდამჭერია. ,,რეას" ბენეფიციარებთან შეხვედრა ყოველთვის დიდ ემოციურ ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი წინასაშობაოდ, როცა სტუმრებმა მთელი გულით მოამზადეს ორი მუსიკალური ნომერი მეგობრების პატივსაცემად და აუდიტორიის წინაშე შეასრულეს.

შეხვედრაზე, რომელიც ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა: ფოლკლორული ანსამბლის ვაჟთა გუნდმა და ანსამბლმა ,,დეკამ" შეასრულეს სიმღერები, რითაც "რეას" ბენეფიციარებს სიხარული მიანიჭეს.

შეხვედრაზე მოწვეულ "რეას" ბენეფიციარებს სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში მოეწყო მათი ხელნაკეთი ნივთების საშობაო გამოფენა-გაყიდვა. თითოეული ნივთი დიდი სიყვარულით და მონდომებით იყო შესრულებული. ამ თიხის ნაკეთობებთან და ნაძვის ხის სათამაშოებთან ერთად თითოეულმა შემომწირველმა შინ გაიყოლა ის გულწრფელი ემოცია, რომელიც ასე ძვირფასია ყველასთვის.

"რეას" გამგეობის თავმჯდომარემ ელისო რეხვიაშვილმა დიდი მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მრავლისმომცემი პარტნიორობაა, რომელიც დადებითად აისახება როგორც „რეას“ მომავალზე, ისე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სამომავლო საქმიანობაზე.