საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სსიპ -საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.  ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები: დავით ჭიჭინაძე და გიორგი ფერაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო მომცელიძე, ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ნატო კაკაურიძე, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხატია წიკლაური, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფინანსური დირექტორი ზურაბ ანთელიძე.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ბატონმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „განსაკუთრებით წარმოუდგენელია ბავშვთა კვების პრობლემებისა და ფარმაციის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით მუშაობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობის გარეშე. ჩვენ გვჭირდება მათი, როგორც ექსპერტების კომპეტენტური დასკვნები. ამასთანავე, მზად ვართ მივიღოთ თქვენი სტუდენტები სტაჟირებაზე, ჩავრთოთ ჩვენს პროექტებში“.
როგორც თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, ეს მემორანდუმი ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო იქნება და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოხატავს ყველა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის მისაღებად.