სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი და ამავე ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსი სიობჰან ფიცპარტიკი.

ვიზიტის მიზანია სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივების განხილვა.

მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: პროეფსორი დევიდ გორდონი და ქალბატონი სიობჰან ფიცპატრიკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,   განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების წარმომადგენლები და სტუმრები თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლებიდან...

ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ. მან აღნიშნა, რომ   უკვე დაწყებულია მუშაობა იმისთის, რომ საქართველოში მიღებულ უმაღლეს განათლებას 2023 წლიდან უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. რაც შეეხება კონკრეტულად სამედიცინო განათლებას, სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს  სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს, მოიპოვოს ფედერაციის აღიარება, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ: სამედიცინო განათლების მნიშვნელობას ხაზგასმა არ სჭირდება. ჩვენ ამ საკითხს რეგიონულ ჭრილში უნდა შევხედოთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება და მომავალშიც ქართული სამედიცინო განათლება იქნება მოწინავე რეგიონში, - თქვა მან, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, „ვისწავლოთ საქართველოში“, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

დამსწრეებს მიესალმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის ნაწილია, რომელსაც სამედიცინო განათლების განვითარების გეგმა ჰქვია. სამედიცინო განათლებას უდიდესი ტრადიცია აქვს საქართველოში და ამჟამად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი სისტემა სინქრონიზებული იყოს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან. მან, ასევე, ისაუბრა დიპლომისშემდგომი განათლების მნიშვნელობაზე და მისი საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, დევიდ გორდონმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია. მან აუდიტორიას გააცნო სამედიცინო განათლებისადმი წაყენებული ახალი მოთხოვნები და სამომავლო ტენდენციები. სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს სამუშაო შეხვედრის დროს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ  ბატონი დეივიდ გორდონის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი დევიდ გორდონი და ქალბატონი სიობჰან ფიცპარტიკი გუშინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ, სადაც შეხვდნენ კლინიკის გენერალურ დირექტორს, გიორგი აბესაძეს, დაათვალიერეს კლინიკის რამდენიმე დეპარტამენტი. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს სერიოზული განაცხადია საქართველოს  სამედიცინო განათლებაში.