ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში პროფესორ  მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში პროფესორ მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა

მიმდინარე წლის 25 აპრილს, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში ,,ფარმაციის ხეივანში“, პროფესორ მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერი ალანიას კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა მერი ალანიას დიდ ღვაწლზე ქართული ფარმაციისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის განვითარების საქმეში, განსაკუთრებით აღინიშნა მისი სამშობლოსადმი დიდი ერთგულება და სიყვარული. ქალბატონმა მერიმ საკუთარი სახსრებით დიდი წვლილი შეიტანა ხობის ისტორიული ეკლესიის რეაბილიტაციის საქმეში.
”ეს არის დიდი მეცნიერის, პროფესორის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის მერი ალანიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მერი ალანია არის ადამიანი, რომელმაც სამი პრეპარატი შექმნა, 20 საავტორო მოწმობა აქვს ანუ გამოგონება-პატენტი, 270 სამეცნიერო შრომის 5 მონოგრაფიის ავტორია და ამავე დროს მრავალი თაობის აღმზრდელი. ის არამარტო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა, ის არის საქართველოს დიდი გულშემატკივარი”, - განაცხადა თსსუ-ის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, მერი ალანია განსაკუთრებული ფიგურაა ქართულ მეცნიერებაში.

”თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი კვლევითი ინსტიტუტია, რომელსაც ძალიან სახელოვანი ისტორია აქვს. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტმა და ამ ინსტიტუტმა ერთად აღვნიშნეთ პროფესორ მერი ალანიას დაბადებიდან 80 წელი. მერი ალანია განსაკუთრებული ფიგურაა ქართულ მეცნიერებაში და კერძოდ, ქართულ ფარმაციაში. მას გაზრდილი ჰყავს მთელი თაობები, ის გამორჩეული მეცნიერია”, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
ღონისძიებაზე, პროფესორ მერი ალანიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სერტიფიკატი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 11 აპრილის პრეზიდიუმის დადგენილებით პროფესორ ალანიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი მიენიჭა, აკადემიაში წარმოდგენილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად ფარმაკოქიმიის დარგში.

ღონისძიების ბოლოს, პროფესორმა მერი ალანიამ ორგანიზატორებს და შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

”უდიდეს მადლობას ვუხდი სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატს , ხელმძღვანელობას, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას. ამის ღირსად ნამდვილად არ ვთვლი ჩემ თავს, რადგან მე ვალდებული ვიყავი წესიერად, პატიოსნად მემუშავა”, - განაცხადა მერი ალანიამ.